08, მაისი 2019 21:02:00
აჭარაში რეგისტრირებულ 120 კოოპერატივს სტატუსი შეუწყდა. იმის მიუხედავად, რომ სახელმწიფომ ფერმერთა გაერთიანებების ხელშეწყობა სოფლის მეურნეობის ერთ ერთ მთავარ მიმართულებად დაასახელა და მოგების გადასახადებისგანაც გაათავისუფლა- მოქალაქეებმა სარგებელი მაინც ვერ ნახეს.
სასოფლო -სამეურნეო კოოპერატივების ჩამოყალიბება ხელისუფლებამ სოფლის მეურნეობის განვითარების ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად ჯერ კიდევ წლების წინ დაასახელა. კანონი, რომელიც პარლამენტმა 2013 წელს მიიღო, კოოპერატივი მოგების გადასახადისგან გაათავისუფლა. იყო დაპირებაც, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ზრდის მიზნით, ხელშეწყობაც იქნებოდა, თუმცა მოსახლეობა აცხადებს, რომ დაპირების მიუხედავად სარგებელი ვერ ნახა.
ქედაში მცხოვრები მანუჩარ კახიძე და ელგუჯა ნაკაშიძე ერთ-ერთი პირველები იყვნენ, რომლებმაც აჭარის მთიანეთში სასოფლო-სამეურნეო გაერთიანება „უჩხითი“ ჩამოაყალიბეს. 2014 წლის 21 აპრილს, ოთხი წევრისგან დაფუძნებულ ამ კოოპერატივს სამ ეტაპიანი სამოქმედო გეგმა ჰქონდა გაწერილი. ბროილერის ჯიშის ქათმები უნდა მოეშენებინათ, პარალელურად კი, კომბინირებული საკვებისა და არყის წარმოებას აპირებდნენ. გაზაფხულზე დაწყებული საქმიანობა შემოდგომაზე, სუბტროპიკული ხურმის საექსპორტოდ მიღებითა და ჩირის წარმოებით უნდა დასრულებულიყო, თუმცა გაერთიანებამ პროდუქციის წარმოება ვერ შეძლო, კოოპერატივის თავმჯდომარე მანუჩარ კახიძე, მთავარ პრობლემად ფინანსებს ასახელებს.
პროდუქციის საწარმოებლად, სოფელ უჩხითში უფუნქციოდ დარჩენილი შენობა ითხოვეს, რაც ხელისუფლებამ 18 000 ლარად შეაფასა, ფინანსურმა ორგანიზაციებმა კი დაბალ პროცენტიანი სესხის გაცემაზე უარი უთხრა. უარი უთხრეს იმ მიწებზეც, რომლებზეც წლების წინ „კოლმეურნეობას“ ჩაი მოჰყავდა და გეგმით კოოპერატივს, სუბტროპიკული ხურმა უნდა გაეშენებინა.
იდეის განსახორციელებლად ვერც გრანტი მოიპოვეს და ვერც აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამებით ისარგებლეს. სასოფლი-სამეურნეო კოოპერატივი კი მხოლოდ დოკუმენტზე შემორჩა.
სააგენტო, რომელიც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარებაზეა ორიენტირებული, აცხადებენ, რომ აჭარაში რეგისტრირებული კოოპერატივები დახმარებისთვის ნაკლებად მიმართავენდნენ. დასძენენ, რომ მონიტორინგს ეტაპობრივად ახორციელებენ.
სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით სტატუსის მქონე სულ 1126 კოოპერატივია, საიდანაც აჭარაში 84 არის რეგისტრირებული, რომელთა დიდი ნაწილი პროდუქციას ვერ აწარმოებს.
სიუჟეტი ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა.