07, მაისი 2019 20:05:00
თავდაცვის სამინისტრო ყოფილი და მოქმედი სამხედროების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე ხშირად საუბრობს. ამ ფონზე აჭარაში, კერძიდ კი მახინჯაურში მდებარე კორპუსიდან შესაძლოა ჯარისკაცები გამოასახლონ. გაასხვისებს თუ არა უწყება ობიექტს, რომელშიც სამხედრო მოსამსახურეები ცხოვრობენ?
ეს სამხედროების კორპუსია. მახინჯაურში თამარ მეფის 54 ნომერში, ოთხ სართულიან სახლში, 50 მდე ყოფილი და მოქმედი ჯარისკაცი ცხოვრობს. ყოფილი მეათე ბატალიონის ტერიტორიაზე მიტოვებულ შენობას რეაბილიტაცია საკუთარი სახსრებით ჩაუტარეს და შესახლდნენ. ირწმუნებიან, რომ წლების შემდეგ მათ საცხოვრისის დატოვება ემუქრებათ.
შენობა, სადაც ისინი ცხოვრობენ, თავდაცვის სამინისტროს ბალანსზეა. აცხადებენ, რომ შესაძლაო უწყებამ ობიექტი გაასხვისოს.
ყოფილი და მოქმედი თავდაცვის ძალების სამხედროების ერთადერთი მოთხოვნა, საცხოვრებელი ფართობის დაკანონებაა. ისინი მოთხოვნით მინისტს მიმართავენ.
ოჯახებს მხარდაჭერას უცხადებს უფლებამდაცველი. თამაზ ბაკურიძე პროცესში შესაძლო ბიზნეს ინტერესებზე ამახვილებს ყურადღებას.
თავდაცვის სამინისტროში საკითხზე სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთეს. წერილობით განცხადებაში კი გამოსახლებას გამორიცხავენ. ირწმუნებიან, რომ იმ ყოფილ ან მოქმედ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც საკუთარების დამადასტურებელი რაიმე სახის იურიდიული დოკუმენტი გააჩნიათ, თავდაცვის უწყებაში არსებული სპეციალური კომისია შეისწავლის. სამხედროები ტერიტორიაზე დაახლეობით 10 წელია ცხოვრობენ.