28, აპრილი 2021 21:59:00
"TV 25"-ის სიუჟეტის შემდეგ ხელვაჩაურის ადმინისტრაციის უფროსს თანამდებობა დაატოვებინეს - ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერი ადასტურებს. ჯუმბერ ვარდმანიძის მტკიცებით, მირზა ბახტაძემ, პოსტი, საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. საქმე ოჯახში ძალადობის ფაქტს ეხება, რომლის დეტალებიც "TV25"-სთვის, ექსკლუზიურად, გახდა ცნობილი. მირზა ბახტაძე, ცოლმა, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ანგარიშწორებაში დაადანაშაულა. ოჯახში ძალადობის ფაქტს პროკურატურა იძიებს. სავარაუდო დანაშაულის შესახებ, ინფორმაცია, მუნიციპალიტეტის მერს ჰქონდა, თუმცა, ვარდმანიძე გამოძიების შედეგებს ელოდებოდა. მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებული ხელვაჩაურის მერის ნათესავია. დაზარალებულის ადვოკატს, ეს გარემოება, იმის თქმის საფუძველს აძლევს, რომ მირზა ბახტაძეს გავლენიანი მაღალჩინოსნები მფარველობენ. ამავე თემაზე, რეპორტაჟი "TV 25"-ის ეთერში გუშინ გავიდა. ბახტაძე, წლების განმავლობაში, ხელვაჩაურის მერიის ადმინისტრაციის უფროსის პოზიციას იკავებდა. საჯარო მოხელეს, 2021 წლის 11 მარტს, ბრალი ოჯახში ძალადობის ფაქტზე წარუდგინეს. განმეორებითი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე კი, მას ბრალი დაუმძიმდა.