11, თებერვალი 2017 12:49:00
სოფელ ღურტას მცხოვრებლებმა 1971 წელს მეწყერის შედეგად დაღუპულ 22 თანასოფლელს პატივი მიაგეს და მემორიალთან აქცია გამართეს. ადგილობრივებმა პროტესტის ნიშნად, დღეს გამგეობის წარმომადგენლებს ტრიტორიაზე მისვლის უფლება არ მისცეს, მიზეზად ადგილობრივი ხელისუფლების უყურადღებობა და ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებული პრობლემები მოიყვანეს. მათი განმარტებით, მოსახლეობა მშენებელ კომპანიასთან გამგეობამ შესაბამისი შუამდგომლობა არ გაუწია.
ადგილობრივები ამბობენ, რომ გვირაბის მშენებლობის შედეგად დაიბზარა სახლები, დაშრა წყაროები და განადგურდა სავარგულები, კომპენსაცია კი მხოლოდ ერთეულებმა მიიღეს.
აქციის მონაწილეებს გამოეხმაურა მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში. ანზორ ბოლქვაძემ ადგილობრივების ქმედება პროვოკაციად შეაფასა.
ღურტას მცხოვრებლები ზურაბ პატარაძესთან შეხვედრას მოითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მასობრივ აქციებსა და ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვას აანონსებენ.