09, იანვარი 2017 12:49:00
ენმ-ს წევრებს შორის დაპირისპირებამ ცენტრალურიდან რეგიონულ ორგანიზაციებშიც გადაინაცვლა. განხეთქილებაა ხულოს ორგანიზაციაშიც. სახელდახელო კონფერენცია დღეს ლიდერის ნაცვლად, მაჟორიტარობის ყოფილმა კანდიდატმა მოიწვია. ირაკლი ჯორბენაძე კახა დეკანაძეს მმართველ გუნდთან გარიგებაში ადანაშაულებს და რატიანი-ბოკერიას ფრთის წევრად მიიჩნევს.
პარტიის ხულოს ორგანიზაციაში განხეთქილების შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც კახა დეკანაძემ კოლეგებს კონფერენციის ჩასატარებლად ოფისის კარი არ გაუღო. დღეს 20 იანვრის ყრილობაზე დამსწრე დელეგატები უნდა აერჩიათ, რის შესახებაც პარტიის რაიონული ორგანიზაციის ლიდერი ინფორმირებულიც კი არ იყო. კახა დეკანაძის განმარტებით, კონფერენცია არალეგიტიმური იყო.
მიუხედავად ხელმძღვანელის მიერ გამოცხადებული ბოიკოტისა, აჭარის ორგანიზაციის წევრებმა 58 დელეგატის შერჩევა ღია ცისქვეშ მაინც შეძლეს.
როგორ გაგრძელდება ურთიერთობა ერთი პარტიის ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის და დარჩებიან თუ არა კახა დეკანაძე და ირაკლი ჯორბენაძე სხვადასხვა ბანაკში, 20 იანვრის ყრილობის შემდეგ გახდება ცნობილი
კახა დეკანაძის პოზიციაზე, შესაბამისად, რატიანი-ბოკერიას ბანაკში აღმოჩნდა ენმ-ს კიდევ სამი წევრი ხულოს საკრებულოდან. მაცნეს ინფორმაციით, ესენი არიან დეპუტატები: მურად გორგაძე, ბადრი გორგაძე და ნუგზარ სოლომონიძე.