07, დეკემბერი 2021 12:12:00
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 1-ელი ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 471 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 6 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 68 ფაქტი.
„ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 224 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. სამცხე-ჯავახეთში დაფიქსირდა 61 სამართალდარღვევა, იმერეთში - 39, ქვემო ქართლში - 36, აჭარაშიც - 36, შიდა ქართლში - 23, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 22, მცხეთა-მთიანეთში - 11, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 10, გურიაში კი 9 სამართალდარღვევა გამოვლინდა. ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 3 152 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე. ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 68 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 6 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.