07, დეკემბერი 2021 10:31:00
დღეს, ბათუმში, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმის ობიექტურად გამოძიების მოთხოვნით აქცია გაიმართება. პროტესტი აჭარის სამმართველოსთან, 13:00 საათზე დაიწყება.
შენობასთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები, მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბებიან.
შეგახსენებთ, ბათუმის ახალი საკრებულოს წევრი, "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ნუგზარ ფუტკარაძე 18 ნოემბერს გარდაიცვალა.
ოპოზიციაში საუბრობენ, რომ ფუტკარაძეზე ზეწოლას ასლან აბაშიძისდროინდელი ორი ძალოვანი, თორნიკე რიჟვაძის მამის დავალებით, ახდენდა. მათივე განმარტებით, "ოცნებას" საკრებულოში უმრავლესობისთვის ნაციონალური მოძრაობის ფრაქციიდან ერთი დეპუტატის გადაბირება სჭირდებოდა, ერთ-ერთი პირველი კი, ვისზეც ზეწოლა დაიწყო, ნუგზარ ფუტკარაძე იყო.
ამასთან, ოპონენტებმა, ბრიფინგზე გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი, რომელშიც, მისივე თქმით, ისმის, როგორ სთავაზობენ ფუტკარაძეს "ქართულ ოცნებაში" გადასვლის სანაცვლოდ 100 000 დოლარს. მისი განცხადებით, ფუტკარაძემ ჩანაწერების გაკეთება მას შემდეგ დაიწყო, რაც შეხვედრები გაუსაძლის ხასიათს იღებდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბათუმის ახალი საკრებულოს წევრის ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.