ხალხის ფულით და თანამდებობის პირების გემოვნებით მოწყობილი საზოგადოებრივი სივრცეები ბათუმში
საზოგადოება
ხალხის ფულით და თანამდებობის პირების გემოვნებით მოწყობილი საზოგადოებრივი სივრცეები ბათუმში. ზღისპირა ქალაქში, ცენტრალურ პარკში ქვის სკამები, პუფები და მონუმენტები დადგეს. ეს ყველაფერი კი მერიამ ერთპიროვნულად გააკეთა, ისე, რომ ხალხს აზრი არ ჰკითხა. მოქალაქეებმა კეთილმოწყობილი რეკრეაციული ზონა ახლახანს ნახეს. დიზაინს იწუნებენ, უფრო მეტიც ამბობენ, რომ ხარჯი არამიზნობრივად გაიწია. რატომ არ ჩათვალა უწყებამ საჭიროდ პროცესებში საზოგადოების ჩართულობა? კითხვები ტრადიციულად, პასუხების გარეშეა. ია გოლიაძე გიამბობთ
ის, რაზეც სოლიდური თანხები დაიხარჯა და მერიის თანამდებობის პირების გემოვნებით მოეწყო, ახლა ასე გამოიყურება. უნდოდა თუ არა ხალხს, არავინ იკითხა -ბათუმის ცენტრალური პარკი ერთპიროვნულად, მოქალაქეების ჩართულობის გარეშე განაახლეს. შეძენილ ინვენტარს შორის თეთრი სკამებია, თითოუელის ფასი 3700 ლარია. იმის გამო, რომ ქვის დეკორაციები ზამთარში ცივია და ზაფხულში - ცხელი, რეკრეაციულ ზონაში დასვენების მსურველები დიდად არ აღფრთოვანდნენ. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ მოქალაქეები ახლებს, ისევ ძველ სკამებს ამჯობინებენ.
ცენტრალურ პარკში რამდენიმე საათი დავრჩით. ცოტა ვნახეთ ისეთი, ვინც გარისკა და გაციების არ შეუშინდა. თუმცა მთლად ასეც ვერ ვიტყვით.
ეს დეკორაცია ბათუმის ბიუჯეტს 6500 ლარი დაუჯდა. რეკრეაციულ ზოლში ასეთი სულ 4 ადგილას დგას. უცნაურია, რატომ ჩათვალა მერიამ, რომ ცენტრალურ პარკში შავი და უზურგო სკამების განთავსების იდეა ბათუმელებს მოეწონებოდა. მოქალაქეები ამბობენ, რომ ახალი ინვენტარი ჯანმრთელობისთვის საზიანოა.
ქვის ამ პუფზე თქვენი დაჯდომა ბათუმის ბიუჯეტს 3400 ლარი უზის. პარკისთვის მერიამ 5 ქვის პუფი შეიძინა. განსაკუთრებული აქაც არაფერია, ფასის გარდა. დანახარჯი ჯამში 17 ათასი ლარია. მოქალაქეები ამბობენ, რომ ხელმძღვანელობას მოქალაქეების აზრი არჩევნების გარდა, არასდროს აინტერესებს.
ქვისგან ჩამოსხმული მაგიდები ახალი ინვენტარიდან მოქალაქეებისთვის ყველაზე მისაღები აღმოჩნდა. მაგიდის ჩოგბურთის მოყვარულებს განახლების იდეა მოწონთ, თუმცა სხვა დეტალებზე ჯერ არ დაფიქრებულან.
რა გახდა ინსპირაცია ან რისი ანალოგია? - ესეც კითხვითი ნიშნის ქვეშ რჩება- ბათუმის ცენტრალურ პარკში მისულებს სოლიდური ღირებულების ქვის ასეთი სკამებიც დაგხვდებათ. არანაკლებ ძვირია მონუმენტები, რომლებიც მერიამ შპს გეოლოდს დაუკვეთა. „ბიჭი წიგნით“ 28 ათას 500 ლარი ღირს. ეს კი მეორე დეკორაცია, რომელშიც 33 ათასი ლარია გადახდილი. ამ ქვის, ცივ ინვენტარს რომ ცეცხლის ფასი ადევს- უცხო მოქალაქეებისთვისაც არაა. ერთ-ერთმა მათგანმა გვითხრა, რომ ამ ფულით ათასობით სოციალურად დაუცველზე დახმარება შეიძლებოდა.
მილიონიანი ინვენტარის ერთპიროვნულად შეძენას აპროტესტებენ სამოქალაქო აქტივისტები. სოფო ჟღენტი ამბობს, რომ ბათუმის ბიუჯეტი ბათუმელების ინტერესებს ვერ ერგება.
რატომ არ ჩათვალა ბათუმის მერიამ საჭიროდ საზოგადოების ჩართვა, რომ გაეგო, რისი განთავსება სურდათ ადამიანებს პარკში თავისივე ფულით? – უწყებაში სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთეს. საქალაქო ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამმართველოდან მხოლოდ წერილობითი კომენტარი გამოგვიგზავნეს.
ფაქტია, რომ პასუხისმგებელი უწყების პასუხები ჩვენს კითხვებს რადიკლურად აცდენილია. ისევე, როგორც ბათუმელების ინტერესები ბათუმის ბიუჯეტს.