თვისებები, რომლებიც მიგანიშნებთ, რომ თქვენს შვილს, მომავალში, შესაძლოა, სამსახურის შოვნა გაუჭირდეს - რა უნდა გამოასწოროთ აქედანვე?
ეს საინტერესოა
ბავშვობაში გამოვლენილი თვისებები, რომლებიც სამომავლოდ დასაქმებასა და კარიერულ წინსვლაში უშლის ხელს - როგორ უნდა გამოასწოროთ ისინი ადრეულ ასაკში.
ყველა ვართ მომსწრე, როგორ იცვლება ჩვენს თვალწინ შრომით ბაზარზე მოთხოვნები. ის, რაც ადრე პერსპექტიულ სამუშაოდ ითვლებოდა, დღეს აღარავის სჭირდება და პირიქით. რა მოხდება მაშინ, როცა ჩვენი შვილების დასაქმების დრო მოვა?
მომავალში სამუშაოს დიდ ნაწილს მანქანები და კომპიუტერული პროგრამები შეასრულებენ. ეს ტენდენცია დაწყებულია და მას ვერაფერი შეაჩერებს. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რა უნარ-ჩვევები დასჭირდებათ მომავალ დასაქმებულებს, ანუ რა თვისებებით უნდა იყვნენ აღჭურვილნი ჩვენი შვილები, რომ მომავლის შრომით ბაზარზე წარმატებულად შეძლონ საკუთარი თავის რეალიზება.
დღეს შეგვიძლია გამოვყოთ ის თვისებები, რაც ნიშანს გვაძლევს, რომ სამომავლოდ შეიძლება ბავშვს სამსახურში თავის დამკვიდრება გაუჭირდეს.
ეს თვისებები ბავშვთა ასაკში არც თუ ისე იშვიათია, თუმცა მათი გამოსწორება სავსებით რეალურია და ამიტომ, მშობელი რაც უფრო ადრე მიაქცევს ამას ყურადღებას, მით უფრო გაუადვილდება ბავშვს მომავალში თავის წარმოჩენა.
რა არის ეს ხელისშემშლელი მიზეზები, რომლებიც ჯერ კიდევ ბავშვთა ასაკში ვლინდება?
აქ სასკოლო საგნები და ნიშნები არ იგულისხმება. ვგულისხმობთ ბავშვის მხრიდან უინტერესობას ყველაფერ შემეცნებითისადმი, სიახლის შესწავლის სურვილის არქონას, როცა ვერაფრის სწავლით ვერ იღებს სიამოვნებას. სკოლაში რაღაც მაინც უნდა იწვევდეს მის ინტერესს, კითხვები უჩნდებოდეს, ახსნას და გარკვევას ცდილობდეს. რაღაცსფერო უნდა მოიძებნებოდეს, რომელიც შესწავლის ინტერესს უჩენს. უნდა დაეხმაროთ, რომ ასეთი სფერო იპოვოს.
თუ ბავშვი კომუნიკაციის სურვილსა და ინტერესს არ იჩენს, ამან შეიძლება უარყოფითი როლი ითამაშოს მოზრდილობაში, როცა სამსახურის დაწყების დრო მოვა. ბავშვი უნდა ცდილობს გარშემომყოფთაგან მიიღოს მისთვის სასურველი რამ. არ არის საჭირო, ბავშვი ზედმეტად დამჯერი და თვინიერი იყოს - ის უნდა მიეჩვიოს თავისი ინტერესების გამოკვეთას.
ბევრი მშობელი ღელავს, რომ შვილს ტანატოლებთან ურთიერთობა უჭირს. თუმცა ამ დროს ძალდატანება და ზეწოლა, რომ გაიჩინოს სამეგობრო ან თავად მშობელმა შეარჩიოს მისთვის მეგობრები, დაუშვებელია.
არც იმის ჩიჩინი ღირს, რომ როგორმე თავისი გაიტანოს. გამოსავალი ისევ და ისევ ბავშვისთვის ინტერესების განვითარებაშია.
ახალი მიღწევები და ახალი უნარები თავდაჯერებას შეჰმატებს და თანატოლებთან ურთიერთობის კომპლექსსაც დააძლევინებს. სხვადასხვა წრეზე სიარული კი დაეხმარება, საერთო ინტერესების მქონე მეგობრები გაიჩინოს.
კარიერული წინსვლა ყველაზე მეტად იმ ადამიანებს უჭირთ, რომლებიც ძალიან მალე ყრიან ფარ-ხმალს. მშობლებმა აუცილებლად უნდა მიაქციონ ყურადღება, თუ ბავშვი არ ავლენს ლტოლვას სასურველის მისაღებად, არ იბრძვის იმისთვის, რაც სურს. ეს ხშირად ხასიათის სისუსტეზე მიუთითებს, რაც დადებითი შედეგის მისაღებად ხელისშემშლელი ფაქტორია. სანერვიულო არაფერია - ამ უნარის გამომუშავება შესაძლებელია. ჩართეთ მოტივაციის სისტემა. შესთავაზეთ ძალიან სასურველი რამ და ამისთვის გარკვეული დაბრკოლება დააძლევინეთ.
არ არის კარგი ნიშანი, როცა ბავშვს შემოქმედებითი საქმიანობისადმი ინტერესი არ აქვს, არ უჩნდება რაიმეს საკუთარი ხელით შექმნის სურვილი, თავისი ორიგინალური ხედვების დემონსტრირება. შემოქმედებითი ადამიანები ყოვლთვის იქნებიან სასურველი კადრები, მათი ფასი დღითიდღე მოიმატებს.
ნუ იფიქრებთ, რომ შემოქმედებითი უნარი აუცილებლად თანდაყოლილი ნიჭი უნდა იყოს, რომელიც ყველას არ გააჩნია. ეს არასწორია. ბავშვს უნდა დაეხმაროთ, რომ თავისი შემოქმედებითი პოტენციალი მაქსიმალურად გამოავლინოს. ეს პოტენციალი ყველა ბავშვშია, უბრალოდ, მისი რეალიზაციის გზას ვერ ხედავენ. ამ შემთხვევაშიც გამოგადგებათ მასტერკლასები და შემოქმედებითი წრეები.
პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება ლიდერთა გამოკვეთილი თვისებაა. მისი არქონა ინერტულობას წარმოშობს, რაც წარმატებისთვის ხელისშემწყობი ნამდვილად ვერ იქნება.
ასეთ პასიურ ბავშვებს დახმარება სჭირდებათ - თავდაჯერებას და ქარიზმატულობას კარგად ავითარებს სამსახიობო წრეები. თეატრალური წრეები აუდიტორიასთან ურთიერთობასაც ასწავლის და თავდაჯერებასაც შემატებს ბავშვს.
წყარო: mshoblebi.ge