02, დეკემბერი 2021 10:00:00
საქართველოში კოვიდ-პანდემიისაგან დაზარალებული სოციალურად დაუცველი ოჯახების დასახმარებლად გერმანიის მთავრობამ დამატებით 3 მილიონი ევრო გრანტი გამოყო.
ინფორმაციას გერმანიის საელჩო ავრცელებს.
„ეს გრანტი დაემატება გერმანიის მიერ გასულ წელს პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად უკვე გამოყოფილ დახმარებას, რომელიც შედგებოდა 5,8 მილიონი ევროს ოდენობის გრანტისა და 15 მილიონი ევროს ოდენობის დაბალპროცენტიანი კრედიტისაგან. ამ დახმარების მიზანს წარმოადგენდა ეკონომიკური შედეგების შემსუბუქება იმ ქართული ოჯახებისათვის, რომლებმაც კოვიდ-პანდემიის გამო დაკარგეს შემოსავალი“, - წერია განცხადებაში.
საელჩო ცნობით, გაზრდილი თანხით დაფინანსდება 135 ათასზე მეტი გადახდა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის. ამავე დროს, 2020 წელს გაცემული კრედიტის მეშვეობით შესაძლებელი იქნება, განხორციელდეს უმუშევართა შემწეობის 280 ათასზე მეტი გადახდა შესაბამისი პირებისათვის. ეს მხარდაჭერა თავის წვლილს შეიტანს არა მხოლოდ მრავალი ოჯახის სოციალური დაცვის საქმეში, არამედ ასევე სოციალური დაცვის სისტემის გაძლიერებაში.
მათივე ინფორმაციით, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) სამხრეთ კავკასიის ოფისის ხელმძღვანელმა ბირგიტ ჰოლდერიდ-კრესმა შეთანხმებას – გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული 3 მილიონი ევროს ოდენობის გრანტის გამოყოფის შესახებ – ხელი 2021 წლის 30 ნოემბერს მოაწერეს.