30, ნოემბერი 2021 20:05:00
დაკავებების სერია დედაქალაქში. გუშინ საქალაქო სასამართლოსთან გამართული აქცია, პოლიციასა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეიც გამოიყენეს და თხუთმეტი ადამიანი, მათ შორის, გიგი უგულავა დააკავეს. პოლიტიზირებული პოლიცია, გადაცმული სპეცრაზმი, არაპროპორციული ძალის გამოყენება - ასე აფასებენ ოპოზიციაში გომელაურის უწყების ქმედებას. თემის დეტალებით ერთ საათში, პირდაპირ ეთერში სალომე უსტალიშვილი შემოგვიერთდება და ის გაგვაცნობს, განვითარებული მოვლენების პოლიტიკურ შეფასებეს.
საღამო მშვიდობის ია. პოლიტიზირებული პოლიცია, გადაცმული სპეცრაზმი, არაპროპორციული ძალის გამოყენება და დაკავებების სერია. ოპოზიცია გუშინ საქალაქო სასამრთლოსთან განვითარებულ მოვლენებს აფასებს. ამბობენ, რომ ეს იყო სადამსჯელო ოპერაცია მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, პოლიციამ ისეთი ეკიპირება გამოიყენა, რომელიც წესით მის არსენალში არ შედის. აგრესიის სამიზნე იყვნენ მედიის წარმომადგნელებიც. სასამართლოსთან გუშინ განვითარებულ მოვლენებს დღეს საგანგებო ბრიფინგით „ნაციონალური მოძრაობა“ გამოეხმაურა.
სამართალდამცავების პოლიტიზირებაზე და პოლიციის მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე უკვე დიდი ხანია საუბრობენ ის სამოქალაქო აქტივისტები, რომლებსაც თითქმის ყოველი მსგავსი აქციის შემდეგ, პოლიცია ადმინისტრაციული წესით აკავებს. ამბობენ, რომ მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ პოლიციის უცვლელი მეთოდი სწორედ უკანონო დაკავებებია. თვლიან, რომ „ქართული ოცნების“ პირდაპირი დავალებაა, რომლის მიზანი, განსხვავებული აზრის დევნაა.
ბავშვური ძიძგილაობა - ასე აფასებს, მმართველი პარტია გუშინ სასამრთლოსთან განვითარებულ მოვლენებს. ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის გია ვოლსკის თქმით, ოპოზიცია პროვოკაციებს თავად აწყობს. მან ოპონენტებს, ტრადიციულად, წარსული შეახსენა, მათ შორის 2007 წლის, 7 ნოემბრის მოვლენები.
გუშინ, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის პარალელურად, საქალაქო სასამართლოსთან მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. ადგილზე პოლიციელების უპრეცენდენტო მობილიზება იყო. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენეს. დააკავეს თხუთმეტი ადამიანი, მათ შორის, გიგი უგულავა.