ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე 7 ნოემბრის შესახებ ილაპარაკა.
ხელისუფლება მას სწორედ 7 ნოემბერს საპროტესტო აქციის დაშლას და იმედის დარბევას ედავება.
მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ქვეყანას ბადრი პატარკაციშვილის რუსული სცენარი აარიდა.
"საქართველო მიდიოდა ნატოსკენ. 2006 წელს პუტინმა მითხრა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს პროცესი შეაჩეროს.
იმ წელს ბელარუსის პრეზიდენტმა ლუკაშენკომ მკითხა, ვინ არის არკადი პატარკაციშვილი, ჩემთან შეხვედრას ითხოვსო. მე ვუთხარი, როგორც გინდა, ქენი, მაგრამ არაფერი საქმიანი მაგ შეხვედრიდან არ გამოვა-მეთქი. არ მიიღო.
პატარკაციშვილი მაინც ჩავიდა მინსკში და შემდეგ მიიღო ლუკაშენკომ. მითხრა, რომ პუტინმა დაურეკა და უთხრა, რომ აუცილებელი იყო, პატარკაციშვილს შეხვედროდა. ეფ ეს ბე-ს 3 აგენტი შეხვდა პატარკაციშვილს და ამის შემდეგ პუტინმა გამოუცხადა ლუკაშენკოს, ეს არის საქართველოს შემდეგი პრეზიდენტიო. ეს ხდება 2007 წლის სექტემბერში.
ამის შემდეგ იწყება კამპანია, რომ იწყება ბადრი პატარკაციშვილის მიერ ორგანიზებული გამოსვლები. პატარკაციშვილის ფული იყო მთლიანად რუსული ფული (იმათთვის, ვისაც აინტერესებს, რუსეთი რა შუაშია).
სუს-ში უნდა ინახებოდეს FBI-ის წერილი. მათ 2007 წლის ოქტომბერში მოგვწერეს, რომ ერევანში ჩასული იყო რამდენიმე კანონიერი ქურდი, რომელთა ფუნქციაც იყო არეულობების ორგანიზება საქართველოს დედაქალაქში.
2007 წლის ოქტომბერში თბილისში გაიმართა ისტორიული კონფერენცია. საქართველოში ჩამოვიდა ნატოს გენერალური მდივანი, იაპ დე ჰოოფ სხეფერი. ჩამოვიდა რამდენიმე საგარეო საქმეთა მინისტრი, აშშ-ის ელჩი ნატოში და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე.
ამ კონფერენციაზე პრაქტიკულად გადაწყდა საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭება. წავიდნენ 30 ოქტომბერს. 2 ნოემბერს დაიწყო დიდი გამოსვლები თბილისში. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ყველა ადამიანი, რომელიც ქუჩაში გამოვიდა, რუსეთის დაკრულზე ცეკვავდა ან იცოდა პატარკაციშვილის გეგმებზე იცოდა.
ეს იყო რთული პერიოდი იმ გაგებით, რომ ჩვენ ჩავატარეთ ძალიან მტკივნეული რეფორმები. პოლიციის რეფორმის ფარგლებში რამდენიმე ათასი ადამიანი დარჩა უმუშევარი. ძალიან ბევრი ადამიანი ვერ გადაეწყო ახალ რელსებზე. ინფლაცია იყო მაღალი. ვიღაცას ჰქონდა მეტი შემოსავალი, ვიღაც გაღარიბდა. ამიტომ, ხალხს ჰქონდა ობიექტური შესაძლებლობა, ყოფილიყვნენ ჩვენზე გაბრაზებული.
მართლაც იყო დიდი მიტინგი. მე ეს მივიღე, როგორც სიგნალი. მოვიდა პატარკაციშვილი და წარმოთქვა დიდი სეფე სიტყვა. ნათელი გახდა, რისთვის ეწყობოდა ეს. შემდეგ გაგრძელდა საპროტესტო აქციები, 7-ში დილით კი მაღვიძებენ და მეუბნებია, რომ შეტაკება მოხდა პოლიციასთან და ა.შ
ამის შემდეგ ბევრად მეტი ხალხი გამოვიდა. ჩართული იყო შინაგან საქმეთა მინისტრი.
მე ამ ყველაფერს ვუყურებდი ტელევიზორით, არავისთვის ინსტრუქციები არ მიმიცია. ისინი ასრულებდნენ მოვალეობას ისე, როგორც მათ ესმოდათ და როგორი გამოცდილებაც ჰქონდა პოლიციას, რომელიც იყო ძალიან ახალგაზრდა და გამოუცდელი.
ღმერთმა დაგვიფარა და არავინ არ დაიღუპა ამ შეტაკებების დროს. ერთი ადამიანი დაშავდა მძიმედ. სახლში მივედი მასთან. ეს ხდება ძალიან ბევრ ქვეყანაში და არავის აზრად არ მოსდის ამაზე საქმეების აღძვრა, გარდა განსაკუთრებული მანიაკებისა.
ამის შემდეგ მე გადავდექი, შევამცირე ჩემი საპრეზიდენტო ვადა წელიწადნახევრით და წავედი ახალ საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელიც გაჭირვებით, მაგრამ მოვიგე. ეს გავაკეთე, რათა მიმეღო ახალი მანდატი ქართველი ხალხისგან.
ეს გავაკეთე იმისთვის, რომ ჩამეშალა რუსული გეგმები". - თქვა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე.