29, ნოემბერი 2021 15:02:00
რამდენიც არ უნდა გადაწეროთ ისტორია, ბათუმი არის სააკაშვილის აშენებული, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მის სასამართლო პროცესზე განაცხადა.
სააკაშვილის განმარტებით, მას რომ დაცლოდა, ლაზიკა უკვე აშენებული იქნებოდა და ის დღეს შავი ზღვის ყველაზე ბრწყინვალე პორტი იქნებოდა.
„ეს იყო ქვეყანა, რომელიც ახალ ქალაქებს აშენებდა. რამდენიც არ უნდა გადაწეროთ ისტორია, ბათუმი არის სააკაშვილის აშენებული, რომ დამცლოდა, ლაზიკა უკვე აშენებული იქნებოდა და შავი ზღვის ყველაზე ბრწყინვალე პორტი იქნებოდა. ქუთაისი პრაქტიკულად ახალ ქალაქად იქცა. ჩემი კონცეფცია იყო ის, რომ რეგიონები უნდა განვითარებულიყო. ქუთაისელები უნდა ამაყობდნენ იმით, რომ ძალიან მაგარ ქალაქში ცხოვრობენ და არა ჩამორჩენილ ადგილზე, რომელიც პრაქტიკულად, სოფლად აქციეს. პარლამენტში ძროხები ძოვენ. იმიტომ გადავიტანეთ იქ პარლამენტი, ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლო გადავიტანეთ, ლაზიკაში უნდა ყოფილიყო საქართველოს მთავარი ფინანსური ცენტრი“,- განაცხადა სააკაშვილმა.