29, ნოემბერი 2021 11:36:00
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.
„ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა „ომიკრონი“ შტამი უფრო გადამდები სხვა ვარიანტებთან, მათ შორის „დელტა“ ვარიანტთან შედარებით. აღნიშნული ვარიანტით დაზარალებული სამხრეთ აფრიკის რაიონებში ინფიცირებული ადამიანების რაოდენობა გაიზარდა, თუმცა ეპიდემიოლოგიური კვლევები მიმდინარეობს იმის დასადგენად, არის თუ არა ამის მიზეზი „ომიკრონი“ შტამი თუ სხვა ფაქტორები“, - ნათქვამია განცხადებაში.
ჯანმოს ინფორმაციითვე, ჯერ არ არის ნათელი, იწვევს თუ არა „ომიკრონი“ შტამით ინფიცირება უფრო მძიმე დაავადებას სხვა ვარიანტებთან, მათ შორის „დელტა“ ვარიანტთან შედარებით.
„წინასწარი მონაცემები ცხადყოფს, რომ სამხრეთ აფრიკაში ჰოსპიტალიზაციის მზარდი მაჩვენებელია, თუმცა ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის გაზრდით და არა „ომიკრონით“ ინფიცირების შედეგად. ამჟამად არ არის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ომიკრონთან“ დაკავშირებული სიმპტომები სხვა ვარიანტების სიმპტომებისგან განსხვავდება. „ომიკრონი“ ვარიანტის სიმძიმის დონის გაგებას რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე დასჭირდება. კორონავირუსის ყველა ვარიანტს, მათ შორის „დელტა“ ვარიანტს, რომელიც დომინანტურია მთელ მსოფლიოში, შეუძლია გამოიწვიოს მძიმე დაავადება ან სიკვდილი, განსაკუთრებით ყველაზე დაუცველი ადამიანების ჯგუფში და, შესაბამისად, პრევენცია ყოველთვის მთავარი ფაქტორია“, - წერია განცხადებაში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო სხდომაზე სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს „შემაშფოთებელი“ უწოდა.