26, ნოემბერი 2021 20:41:00
მაშინ, როდესაც ქვეყანა უმძიმეს ეკონომიკურ და პანდემიისგან გამოწვეულ კრიზისს ებრძვის, ქვეყანაში არაერთი ბავშვი შიმშილობს და ქალაქში ასობით სოციალურად დაუცველია ჩინოვნიკებს შემოსავალი არ ჰყოფნით და ხელფასების გაზრდას ითხოვენ. ამ ინიციატივით, ბათუმის საკრებულოში, არც მეტი, არც ნაკლები, ქალაქის ახალარჩეული მერი შევიდა. 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მერიის დაფინანსება, შრომის ანაზღაურების ნაწილში 400 000 ლარით იზრდება. უწყებაში დასაქმებულების ხელფასები შემდეგნაირად გადანაწილდა:
- არჩილ ჩიქოვანი - ბათუმის მერი - 5 500 ლარი
- ვიცე-მერი - 4 400 ლარი -
- მერის მოადგილე - 3850 ლარი
- მერიის ადმინისტრაციის უფროსის ხელფასი - 3190 ლარი იქნება
მერიის მსგავსად, ბათუმის საკრებულოშიც მიაჩნდათ. რომ მათი შრომა, ხელფასის ნაწილში, არასათანადოდ ფასდებოდა. დღეს, წარმომადგენლობითი ორგანოს ახალარჩეული წევრების ხელფასების ზრდაზე, ჯერ კიდევ ძველმა საკრებულომ იმსჯელა. ბევრი იფიქრეს თუ ცოტა, გადაწყვიტეს, რომ მოსახლეობამ საკრებულოს თავმჯდომარეს, ღვაწლისთვის 5060 ლარი უნდა გადაუხადოს, მის მოადგილეს კი, 3400 ლარი. ცვლილების პროექტის მიხედვით, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეების ანაზღაურება 2900 ლარია, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის ხელფასი კი - 2000.
ის, რომ ჩინოვნიკებს რთული ფინანსური მდგომარეობა არ აქვთ და უზრუნველად ცხოვრობენ, მათ მიერვე შევსებული დეკლარაციებით ირკვევა
თუმცა, არჩევნებამდე, ქვეყნის პრემიერი, საპირისპიროს გვიმტკიცებდა, გვესაუბრებოდა იმაზე, თუ როგორ უჭირთ მერებს და როგორ წარმოუდგენელია მერმა 2 ათას ლარზე იმუშაოს.
ფაქტია, რომ არჩევნებში „გამარჯვების“ შემდეგ, ღარიბაშვილმა, მოსახლეობას არა, მაგრამ მერებსა და საკრებულოებში დასაქმებულ ჩინოვნიკებს დაპირებები პირნათლად აუსრულა.
ოპოზიციის წევრები, რომლებიც დღევანდელი საკრებულოს სხდომის ჩაშლას ცდილობდნენ და უკვე დამტკიცებულ ქალაქის ბიუჯეტს ლეგიტიმურობას არ ცნობენ, დღევანდელ გადაწყვეტილებას უკანონობად მიიჩნევენ.
საერთო ჯამში კი, მიმდინარე წელს ბიუჯეტის პროექტში მერიის შრომის ანაზღაურებისთვის 3 მილიონ 488 100 ლარი იყო განსაზღვრული, 2022 წელს კი, უწყებაში დასაქმებულთა ხელფასებისთვის 3 მილიონ 836 900 ლარი დაიხარჯება. მოსახლეობა ისევ რთულ სოციალურ-მატერიალურ პირობებში რჩება, პოლიტიკოსები კი, სწორედ, ხალხის ფულის ხარჯზე მდიდრდებიან.