22, ნოემბერი 2021 10:32:00
ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, სასამართლო განჩინების საფუძველზე 1 პირი დააკავეს.
ინფორმაციას უწყება ავრცელებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც იყო საქართველოში რეგისტრირებული 8 კომპანიის ფაქტობრივი მმართველი, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, 2019-2020 წლებში, მისი მართვის ქვეშ მყოფ კომპანიებს შორის გაწერა ჯამში 3 000 000 ლარზე მეტი ღირებულების სამშენებლო-სარემონტო მომსახურების მიწოდების ამსახველი ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რა გზითაც აღნიშნულ მეწარმე სუბიექტებს შეუქმნა დაახლოებით 500 000 ლარის ოდენობის დამატებული ღირებულების გადასახადის ე.წ. ფიქტიური აქტივი, რომლის ნაწილს - 157 435 ლარს იგი თაღლითურად დაეუფლა, ხოლო ნაწილი გამოიყენა კომპანიებზე რიცხული საგადასახადო ვალდებულებების დასაფარად", - წერია განცხადებაში.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი, 180-ე და 185-ე მუხლების მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.