18, ნოემბერი 2021 19:33:00
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხმორისში მცხოვრები ოჯახები ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ. უბანი, სადაც სამი ოჯახი ცხოვრობს, მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე კვირის წინ, 220 კილოვტიანი მარალი ძაბვის გადამცემ ხაზთან მეწყერი განვითარდა.
სოფელ ცხმორისში, ტერიტორიაზე, სადაც 220 კვტ მაღალი ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ანძაა დაყენებული, მეწყერი რამდენიმე კვირის წინ განვითარდა. ადგილობრივების თქმით, აღნიშნული ადგილზე მეწყრული პროცესები ხშირად ვითარდება, რის გამოც ანძის განთავსების საკითხი ჯერ კიდევ პროექტირების ეტაპზე გააპროტესტეს. „საქართველოს ელექტროსისტემის“ კონტრაქტორმა კომპანიამ, მოსახლეობის არგუმენტები უსაფუძვლოდ მიიჩნია.
ანძის მიმდებარედ სამი საცხოვრებელი სახლია. ოჯახები ბუფერულ ზონაში ვერ მოხვდნენ, შესაბამისად, ისინი არც განსახლების გეგმას დაექვემდებარნენ. ადგილობრივები ახლა უსაფრთხოების გარანტიას ითხოვენ.
ადგილობრივ თვითმართველობაში თავს იმით იმართლებენ, რომ აღნიშნული პრობლემით მათთვის არავის მიუმართავს. ქედის მერიაში ამბობენ, რომ საკითხი მათ კომპეტენციას სცდება და „საქართველოს ელექტროსისტემასთან“ გადაგვამისამართეს. სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთეს კომპანიაშიც. მხოლოდ წერილობით გვაცნობეს, რომ საკითხზე მუშაობენ და რეაგირებისთვის ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან. განხორციელდება თუ არა ანძის დემონტაჟი და პროექტში ცვლილებების შეტანა? სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროზეა დამოკიდებული.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ტექნიკური ჯგუფების მიერ განხორციელდა აღნიშნული ტერიტორიის დათვალიერება-აღწერა, რის შემდეგაც მომზადდა ტექნიკური დავალება საინჟინრო გეოლოგიური და მეწყერსაშიში მოვლენების შესწავლის შესახებ. მონაცემები გადაგზავნილია სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოკვლევითი სამუშაოები.
სოფელ ცხმორისში, ახალციხე - ბათუმის 220 კილოვატიანი ელექტროგადამცემი ხაზის, პროექტით დამონტაჟებული ანძის ადგილმონაცვლეობა, ჯერ კიდევ მშენებლობის დასრულებამდე მოხდა. მიწაზე ნაპრალების გაჩენის გამო, ანძის დემონტაჟი, 2018 წელს, მეზობელ სოფელ - კოკოტაურშიც განხორციელდა. იმ დროისთვის, სამუშაოების შემსრულებელმა კომპანიამ, საჰაერო ანძის დემონტაჟი, გეოლოგიური დასკვნის, შესაბამისი ოფიციალური დოკუმენტის მიღებამდე, ვიზუალური დათვალიერების საფუძველზე, დაჩქარებულად განახორციელა.