ზეწოლა, შანტაჟი თუ ჯანმრთელობის რთული მდგომარება - რა გახდა ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს დეპუტატის სიკვდილის მიზეზი?
პოლიტიკა
ზეწოლა, შანტაჟი თუ ჯანმრთელობის რთული მდგომარება - რა გახდა ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს დეპუტატის სიკვდილის მიზეზი? ნუგზარ ფუტკარაძე, რომელმაც არჩევნების პირველივე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვა, დღეს დილით, სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. მომხდარს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ თანაგუნდელზე განხორციელებულ ზეწოლასა და შანტაჟს უკავშირებენ, რომელსაც გუნდის წევრების მტკიცებით, ფუტკარაძე საკრებულოს მანდატის მოპოვების შემდეგ განიცდიდა. დღის განმავლობაში ფაქტთან დაკავშირებით განმარტებები გაკეთდა როგორც ოპოზიციაში, ისე მმართველ გუნდში. ნინია მესხიძე გვიერთდება თემის დეტალებით. ნინია, გისმენთ. არის თუ არა ცნობილი რეალურად რა გახდა 62 წლის დეპუტატის გარდაცვალების მიზეზი?
ია, რა გახდა დეპუტატის გარდაცვალების მიზეზი, ეს ჯერ უცნობია, რადგან შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება არ დაუწყია. შესაძლო გამომწვევ მიზეზებზე საუბრობენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“. ნუგზარ ფუტკარაძის თანაპარტიელები დარწმუნებულები არიან, რომ ახლადარჩეულმა დეპუტატმა, რომელმაც მის სამაჟორიტარო ოლქში, პირველივე ტურში გაიმარჯვა, ხელისუფლების დაშინებასა და ზეწოლას ვერ გაუძლო, რის გამოც იგი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს.
ადლიის სამაჟორიტარო ოლქის დეპუტატის შესაძლო დაშინების ფაქტზე ოპოზიციაში ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებამდეც საუბრობდნენ. ამ თემაზე 2 კვირის წინ, პარტიაში ბრიფინგიც გაიმართა. გუნდის ლიდერებმა მაშინ განაცხადეს, რომ სუს-ის თანამშრომლები ფუტკარაძეს პარტიის დატოვების სანაცვლოდ, 100 ათასი ლარს ჰპირდებოდნენ. მეტიც, ოპოზიციონერ დეპუტატს, მისი ოჯახის წევრების, საბანკო ვალდებულებების დაფარვასაც სთავაზობდნენ.
ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საკითხს, დღეს დილით, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გამოეხმაურა. დავით გაბაიძის განმარტებით, ახლა პოლიტიკური სპეკულაციების დრო არ არის.
დღის განმავლობაში გავრცელებული არაერთი პასუხგაუცემელი კითხვის შემდეგ, მმართველი გუნდი იძულებული გახდა დამატებითი განმარტებები გაეკეთებინა. კამერებთან დღის ბოლოს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე გამოჩნდა. ტიტე აროშიძეს ვკითხეთ, გახდა თუ რეალურად ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვლების სავარაუდო მოტივი შანტაჟი და ზეწოლა? აროშიძემ საფუძვლიანი კითხვების დასმა გვირჩია.
ნუგზარ ფუტკარაძის თანაგუნდელთა ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულებული არ იყო. გარდა ამისა, გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე, იგი პარტიის წარმომადგენლებს დაუკავშირდა და უთხრა, რომ მეორე დღისთვის თბილისში, ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციაზე წასვლას აპირებდა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით, შესაძლო შანტაჟსა და დაშინებაზე ყველა ინფორმაციას მალე გაასაჯაროვებენ. აქვე გეტყვით, რომ ერთ-ერთი, ვისაც ნაციონალური მოძრაობა 62 წლის კაცის შანტაჟში ადანაშაულებს, თორნიკე რიჟვაძის მამა, დავით რიჟვაძეა. ბრალდების საპასუხო კომენტარი, აჭარის მთავრობაში არ გააკეთეს.
ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების გამო, მე-4 სამაჟორიტარო ოლქში ხელახალი არჩევნები ჩატარდება. იმ შემთხვევაში, თუ კი, აქ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი გაიმარჯვებს, მაშინ ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულო, მმართველი გუნდის უმრავლესობით დაკომპლექტდება და მართვის სადავეები ხელში ოპოზიციას აღარ ექნება.