16, ნოემბერი 2021 10:11:00
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტი გამოავლინა. ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს.
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენებისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მოტყუებით სახელმწიფო ბიუჯეტისთვის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს, ხოლო 3 ადამიანი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, 2020 წლის პერიოდში, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით, დაამზადეს და გამოიყენეს ჯამში 762 000 ლარის ღირებულების საქონლისა და მომსახურების ფიქტიური მიწოდების ამსახველი ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რა გზითაც შეიქმნეს 116 234 ლარის ოდენობის ყალბი აქტივი, რომელიც შემდგომ სრულად გამოიყენეს ბიუჯეტის მიმართ არსებული ვალდებულებების დასაფარავად.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 185-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გრძელდება, რაც სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს.