15, ნოემბერი 2021 21:32:00
გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში - ამ მოთხოვნით მესამე პრეზიდენტის თანაპარტიელები და მხარდამჭერები უწყვეტ საპროტესტო აქციებს აგრძელებენ. ოპოზიციის ლიდერებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და მოქალაქეებმა დღეს ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსკენ მსვლელობა გამართეს და გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს. ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ დღევანდელი აქცია გამაფრთხილებელი სიგნალია და რომ საპროტესტო მოძრაობა ყოველდღიურად გამწვავდება.
საპროტესტო მსვლელობა ჯერ ქართული ოცნების ოფისთან გაჩერდა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეები ორთაჭალისკენ გაემართნენ. ისინი იუსტიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროების მიმართულებით მიდიოდნენ, თუმცა მას შემდეგ რაც ამ უწყებებთან სამართალდამცველების მობილიზება დაიწყო, საპროტესტო მსვლელობამ მიმართულება შეიცვალა.
აქციის მონაწილეები ორბელიანების სასახლესთანაც გაჩერდნენ. „თავისუფლება მიშას, მონა“ - სწორედ ეს შეძახილები ისმოდა სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციასთან.
საპროტეტსო აქციის პარალელურად დედაქალაქის ქუჩებში დღეს სამართალდამცველების უპრეცენდენტო რაოდენობა იყო მობილიზებული. გომელაურის უწყებამ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავტობუსებით სპეცდანისნულების რაზმი და წყლის ჭავლის მანქანები განალაგა.
საპროტესტო მსვლელობის დაწყებამდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადებაც გაავრცელა და ოპოზიცია გააფრთხულა, რომ თუ გზის სავალ ნაწილს გადაკეტავდნენ, ამას პოლიციის მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვებოდა. გომელაურის უწყების მუქარის მიუხედავად აქციის მონაწილეებმა სანაპირო მაინც გადაკეტეს.
ოპოზიციის ლიდერები აქციის გამართვას ხვალაც გეგმავენ და ამბობენ, რომ პროტესტი იქამდე გაგრძელდება, ვიდრე „ქართული ოცნება“ მიხეილ სააკაშვილს მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანს.