12, ნოემბერი 2021 11:02:00
აჭარაში, 5 სკოლა დახურულია. მიზეზი საგანმანათლებლო დაწესებულებებში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურება გახდა. ამის შესახებ აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრმა განაცხადა.
მაია ხაჯიშვილის ინფორმაციით, 1 სკოლა დაკეტილია ბათუმში, ქობულეთში - 2, ხულოში - 2.
ამ ეტაპზე, დისტანციურ სწავლებაზეა 116 ცალკეული კლასი.
"ბოლო კვირის მონაცემების მიხედვით, რეგიონის მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზეა ცალკეული სკოლის 116 კლასი. მათგან ბათუმში - 99, ქობულეთში - 12, ხელვაჩაურში - 2, შუახევში - 1, ქედაში - 2", - თქვა ხაჯიშვილმა.
ასევე, ბოლო კვირის მონაცემებით, ვირუსი დაუდასტურდა სკოლაში დასაქმებული პერსონალის 1,3%-ს, ხოლო მოსწავლეების 0,87%-ს.
ამ ეტაპისთვის, აცრილია პედაგოგთა და ადმინისტრაციული პერსონალის 85,6%-ი.
მინისტრის ცნობითვე, სკოლებში, შიდაგავრცელების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
აჭარაში, სულ 229 საჯარო და 24 კერძო სკოლაა.