11, ნოემბერი 2021 13:46:00
სპეციალური პენიტენციური განყოფილების სამსახური მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის კადრებს ავრცელებს. უწყების მიერ გავრცელებულ ვიდეოში, კარგად ჩანს, თუ როგორ ეწინააღმდეგება საქართველოს მესამე პრეზიდენტი ციხის თანამშრომლებს.
აღნიშნულ თემაზე პრესკონფერენცია გამართა იუსტიციის მინისტრმა. რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილის დაუმორჩილებლობის ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს როგორც ინსპექტორი, ასევე იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია.
„პატიმარი არ დაემორჩილა ჩვენი თანამშრომლების კანონიერ მოთხოვნას, როდესაც ის უნდა გადასულიყო რეანომობილიდან და შესახლებულიყო დაწესებულებაში. ამ დროს მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა ჩვენს თანამშრომლებს. ამ ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს როგორც ინსპექტორი, ასევე იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.