„სადაც აქციის მონაწილეები გასცდნენ მშვიდობიანი მანიფესტაციის ფარგლებს და მოახდინეს სახელმწიფო დაწესებულებების შესასვლელების ბლოკირება, სამართალდამცველებმა მიიღეს შესაბამისი ზომები“- ასე ახსნა დღეს საპატრულო პოლიციის უფროსმა დედაქალაქში მიმდინარე საპროტესქტო აქციაზე ლიდერების მასიური დაკავების ფაქტი. როგორ აფასებენ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისა და სამმასშტაბურ პროტესტს, დაკავებების სერიას და ევროპარლამენტარების გამოხმაურებებს მმართველი გუნდის დეპუტატები რეგიონულ დონეზე? ია გოლიძემ დაუსვა კითხვები დღეს უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ქვეყანაში სტაბილურობა და მშვიდობა იყოს. ჯაბა ფუტკარაძე ამბობს, რომ გადაწყვეტილებების მიღება ოცნების გუნდის მიერ კანონის შესაბამისად ხდება და სამომავლოდაც ამ პრინციპით იმუშავებენ. რატომ დაიწყო პოლიციამ მასიური დაკავება საპროტესტო აქციებზე? მმართველი გუნდის წევრმა კითხვაზე თავის არიდება ზოგადი პასუხით სცადა:
ზოგადი პასუხებით აირიდა თავიდან კითხვები მმართველი გუნდის კიდევ ერთმა დეპუტატმა. ცოტნე ანანიძემ გვითხრა, რომ საკითხთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას არ ფლობს. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ვკითხეთ, ხომ არ ეშინია „ქართულ ოცნებას“ ხალხმრავალი აქციების ან ხომარ ცდილობს ლიდერების მასიური დაპატიმრებით პროტესტის ჩახშობას.
ინფორმაციას საპროტესტო აქციის მონაწილეების აგრესიული მეთოდებით დაკავების თაობაზე არ ფლობდა მმართველი გუნდის კიდევ ერთი დეპუტატი. მიუხედავად ამისა, ირაკლი ჭეიშვილი გვარწმუნებდა, რომ პოლიცია მხოლოდ კანონს აღასრულებდა. ოცნების გუნდის წევრმა თქვა, რომ სამართალდამცავები წინ სახელმწიფო უწყებების პიკეტირებას კანონიერად აღუდგნენ. ჭეიშვილს დედაქალაქში მიმდინარე პროცესებზე ევროპარლამენტარების კომენტარები შევახსენეთ.
დედაქალაქში მიმდინარე აქციებსა და 50-მდე მონაწილის დაკავებაზე შეფასება ვთხოვეთ ილია ვერძაძეს. ჯანდაცვის კომიტეტის თვამჯდომარეს ხალხმრავალი გამოსვლების შესახებ დასმული კითხვა გაუკვირდა. თქვა რომ პროტესტს მხოლოდ რამდენიმე ათეული და ასეულ ადამიანი გამოხატავს. რაზე დაყრდნობით -არ ვიცით, თუმცა დასძინა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე მმართველი გუნდი უფრო ზრუნავს, ვიდრე ოპოზიცია.
თბილისში გამართულ აქციებზე პოლიციამ 46 პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის: პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის, პოლიციისთვის შეურაცხყოფის მიყენებისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავა.