10, ნოემბერი 2021 10:16:00
დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი გაიმართება. სხდომა 13:00 საათზეა ჩანიშნული.
საქმეს მოსამართლე ნინო ელეიშვილი განიხილავს. მიხეილ სააკაშვილი პროცესზე დასწრებას ითხოვს.
უფლებადამცველების განმარტებით, სასამართლომ დაწესებულებიდან პატიმრის გადაყვანა გუშინ მოითხოვა, თუმცა ამ დრომდე უცნობია პენიტენციური დაწესებულების პოზიცია.
პენიტენციური სამსახურის თანხმობის შემთხვევაში, რამდენიმეწლიანი სასამართლო განხილვების შემდეგ, საკუთარი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მიხეილ სააკაშვილი დასწრებას პირველად შეძლებს.
ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.
აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.