ამ არჩევნებს არ შეიძლება სხვა შეფასება მიეცეს გარდა იმისა, რომ ეს იყო კიდევ ერთი ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა - ჰარცელი
პოლიტიკა
"პირველი ტურის შემდეგ, ჩვენ განვაცხადეთ, რომ არსებული არასწორი პრაქტიკა არ უნდა იქცეს საარჩევნო ნორმად საქართველოში, მაგრამ, სამწუხაროდ, მეორე ტურისთვის ცოტა რამ გააკეთდა მსგავსი პრაქტიკის აღმოსაფხვრელად" - ასე ეხმაურება ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს.
ჰარცელის თქმით, ამ არჩევნებს არ შეიძლება სხვა შეფასება მიეცეს გარდა იმისა, რომ ეს იყო კიდევ ერთი ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა, არჩევნებთან დაკავშირებული თამასის არსებითად ასაწევად.
„როგორც საქართველოს ახლო პარტნიორი, ევროკავშირი აქტიურად იყო ჩართული მრავალი წლის განმავლობში დემოკრატიის გზაზე პროგრესის მიღწევის პროცესში, დახმარებას უწევდა მას ინსტიტუციების მშენებლობაში, საარჩევნო და სხვა სახის რეფორმებზე მუშაობაში, ასევე მხარს უჭერდა სამოქალაქო საზოგადოებას, მედიასა და სადამკვირვებლო მისიებს, მონაწილეობას იღებდა პარტიებს შორის მედიაციის პროცესში.ჩვენი ჩართულობით წვლილი შევიტანეთ მნიშვნელოვანი შეთანხმებების მიღწევაში, რომელიც 2020 წლის 8 მარტსა და 2021 წლის 19 აპრილს იქნა მიღწეული. ორივე მათგანი იყო გზა კრიზისიდან გამოსასვლელად. საქართველოს პოლიტიკური ლიდერების მოვალეობაა, რომ აიღონ პასუხისმგებლობა ამ მისიის განხორციელებაზე, მათ წინაშე არსებულ პრობლემებთან გასამკლავებლად და ისეთი პოლიტიკის განვითარებაზე, რომელიც საქართველოს მისცემს შესაძლებლობას იმისთვის, რომ თავისი პოტენციალის მაქსიმუმს მიაღწიოს.პოლარიზაცია, პოლიტიკური ცხოვრების მუდმივი შემადგენელი გახდა საქართველოში. არჩევნების კონტექსტში პოლარიზაციას აქვს პოლიტიკურ კრიზისში გადაზრდის ტენდენცია ყოველ ჯერზე.მიუხედავად იმისა თუ რა ეტაპზეა დღეს მოვლენები, 19 აპრილის შეთანხმება უკვე არის წარმატება, როგორც მაგალითი თუ როგორ შეუძლია დიალოგს და კომპრომისს მიაღწიოს შედეგს.არჩევნებს საქართველოში აქვს ტენდენცია გადაიზარდოს ეგზისტენციალურ პოლიტიკურ კონკურენციაში და 2021 წლის ადგილობრივი არჩევნები ამ მხრივ გამონაკლისი არ ყოფილა. ჩვენ ამ არჩევნებს აქტიურად ვაკვირდებოდით და აღვნიშნეთ ის დადებითი გავლენა, რომელიც ბოლოს გატარებულმა საარჩევნო რეფორმებმა იქონია პროცესზე. აღვნიშნეთ, რომ ხმის მიცემის პროცესი არჩევნების დღეს კარგად იყო ადმინისტრირებული, თუმცა ჩვენ, ასევე, დავინახეთ მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები, მათ შორის, კანდიდატებისა და ამომრჩევლების დაშინება, ზეწოლა ამომრჩეველზე, ამომრჩეველთა მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება და მკვეთრი უთანასწორობა რესურსებს შორის, რამაც შექმნა არათანაბარი ნიადაგი არჩევნებში მონაწილეთათვის. პირველი ტურის შემდეგ, ჩვენ განვაცხადეთ, რომ არსებული არასწორი პრაქტიკა არ უნდა იქცეს საარჩევნო ნორმად საქართველოში, მაგრამ, სამწუხაროდ, მეორე ტურისთვის გულწრფელად რომ ვთქვათ ძალიან ცოტა რამ გაკეთდა მსგავსი პრაქტიკის აღმოსაფხვრელად, რომელიც შეშფოთებას იწვევს. საბოლოოდ სხვა დასკვნის გაკეთება ძნელია, გარდა იმისა, რომ ეს არჩევნები იყო კიდევ ერთი ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა თამასის არსებითად ასაწევად არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენ ველით, რომ საქართველოს ხელისუფლება და სხვა პარტიები მხედველობაში მიიღებენ ოდირის რეკომენდაციას, რომელიც საბოლოო ანგარიშის სახით გამოქვეყნდება, ჩვენ ამას ყურადღებით მივადევნებთ თვალს,“- განაცხადა ჰარცელმა.
