მეთოთხმეტედ მოსული რვა ნოემბერი და გამოძიების იმედით გასული ცხრა წელი. სტუდენტებზე გაუგონარი ძალადობის შემოქმედები, ისევ დაუსჯელები არიან, ნაწილი კი პასუხისმგებლობის დაკისრების ნაცვლად, ბოლო წლებში კიდევ უფრო დაწინაურებულები. უნივერსიტეტში ჩადენილი დანაშაული, რომელსაც ხელისუფლებამ კვალიფიკაცია არა და არ მისცა. რატომ არ იყენებს მოქმედი ხელისუფლება შესაძლებლობას, 2007 წლის 8 ნოემბრის შემოქმედებს პასუხი კანონის შესაბამისად გასცეს.
დღეს, ყოფილ და მოქმედ ხელისუფლებას, ერთმანეთის მიმართ გასაკრიტიკებლად ბევრი მიზეზი აქვს. ისინი, ხშირად გაზვიადებულია, კიდევ უფრო ხშირად კი უბრალოდ პროპაგანდის ნაწილია, თუმცა არც ერთი მხარე საუბრობს იმგვარი დანაშაულების გამოძიებაზე, რომელთა მსხვერპლებიც, შედეგებს, მომხდარიდან წლების შემდგომაც ელოდებიან.
ყოფილი ხელისუფლების შემთხვევაში, შეიძლება ითქვას რომ დუმილი გასაგებია - საკუთარ თავს ხომ არ დასჯიან. თუმცა რატომ არაფერს აკეთებს „ქართული ოცნება“ 2007 წელს ჩადენილი დანაშაულის გამოძიებისთვის, როცა ოპონენტთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა აქვს, ოპოზიციის შეფასებას თუ გავიზიარებთ, პასუხი მარტივია - მოქმედი ბევრად უარესია.
თუმცა ვიდრე „ოცნების“ 20 ივნისი იქნებოდა, „ქართულ ოცნებას“ წინ კიდევ ბევრი წელი ჰქონდა. ოპონენტები მაინც მორალურ მხარეზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ვერაფრით დასჯის მათ, ვინც დანაშულისთვის დააწინაურა.
როცა დანაშაული ხდება, კანონი დასჯას ითვალისწინება და რა დაწინაურებას. რატომ არ ხელმძღავნელობს ხელისუფლება კანონის მოთხოვნით, ეს კიდევ ერთი მთავარი კითხვაა.
აქ კიდევ ერთი კითხვა ჩნდება. რატომ აირჩია და დააწინაურა ისინი, ვინც ახალგაზრდები პროტესტისთვის სცემა?! პოლიტოლოგი, გია მასალკინი ამბობს, რომ როცა დემოკრატიას ვერ აშენებ, გვერდით ის გჭირდება, ვისაც იოლად მართავ, არ გაასამართლებ, სამაგიეროდ დაიმორჩილებ და როცა დაგჭირდება, თავად გამოიყენებ.
რატომ არ იძიებს 2007 წლის 7-8 ნოემბრის დანაშულს ხელისუფლება, რატომ არ სჯის დამნაშავეს და რატომ ჰყავს ირგვლივ სისხლიანი დარბევის შემოქმედები „ოცნების“ ხელისუფლებას - იგივე კითხვებით მმართველ გუნდს მივმართეთ. ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე აჭარის უმაღლეს საბჭოში ამბობს, რომ არც კონცელიძე, არც რიჟვაძე და არც ბედია მიზეზი არ არის, რომ დანაშული გამოძიებული არ არის. მაშინ რა, კითხვა ამჯერადაც უპასუხოა.
ჩვენს რესპონდენტებს დღეს ერთგვარი უხერხულობაც ჰქონდათ, როცა მომხდარიდან 14 წლის შემდეგაც უცვლელი შეკითხვებით მივმართეთ. ამ მოცემულობით, ერთ რამის თქმა ნამდვილად თამამად შეიძლება - კითხვები კიდევ დიდხანს დარჩება ღიად, ოპონენეტები კი არქივს, მხოლოდ მოწინააღმდეგის გასაშავებლად, განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ გამოიყენებენ.
2007 წლის 8 ნოემბერს, ხელისუფლება სტუდენტებს სასტიკად გაუსწორდა. ბსუ-სა და საზღვაო აკადემიის სტუდენტები, 7 ნოემბერს, თბილისში, მშვიდობიანი მანიფესტაციის დარბევის და ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის გაპროტესტებას, 12 საათისთვის აპირებდნენ, თუმცა სპეციალური დანიშნულების რაზმი სასწავლებელში 2 საათით ადრე შეივიდა და სტუდენტებს ხელკეტებით გაუსწორდა. გამოიყენეს მხუთავი აირიც. დაშავდა ათეულობით ახალგაზრდა, მათ შორის - ფეხმძიმე გოგო. მაშინ, ხელისუფლებამ თქვა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა იყო, თუმცა ღამის პირველ საათზე გამოცხადებული საგანგებო რეჟიმის შესახებ ინფორმაცია სტუდენტებისა და ლექტორების ნაწილს არ ჰქონდა. პროცესებს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს მაშინდელი უფროსი, დავით ბედია პირადად ხელმძღვანელობდა.