05, ნოემბერი 2021 21:54:00
ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ, 30 ოქტომბრის კენჭისყრაზე, სულ ბათილად 2071 ბიულეტენი სცნო. ოფიციალური შედეგების მიხედვით კი მმართველი გუნდის კანდიდატმა, ოპონენტს, 1526 ხმის აჯობა. სურათი ამგვარი გამოვიდა: 36 ათას 410 ხმა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, 38 236 „ქართული ოცნების“ მეორობის კანიდატს ერგო. სადაო ბიულეტენების ბედი არც სასამართლომ შეცვალა. რა საჩივრები მიიტანეს სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა საქალაქო სასამართლომდე, სიუჯეტი იქნება მთავარ გამოშვებაში.
სწორედ იმიტომ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი თითოეული ამომრჩევლის პატივისცემა და კონსტიტუციური უფლების დაცვაა, საია ინკოგნიტო ამომრჩევლის ინტერესის დაცვას სასამართლო ინსტანციამდე შეეცადა. ორგანიზაციის იურისტებმა დღევანდელ პროცესზე ცალსახად განმარტეს, რომ იბრძვიან არა იმდენად კენჭისყრის შედეგების შეცვლისთვის, არამედ ადამიანის, ამომრჩევლის, თუნდაც ერთი ხმის გადარჩენისთვის.
იყო მოლოდინი, რომ სასამართლო, გადაწყვეტილებისას, ამ გარემოებიდან ამოვიდოდა. შედეგი სხვაგვარი დადგა. სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ითქვა, რომ სადაო ბიულეტენი, ხარვეზიანი იყო.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საუბარია, ბათუმის 50-ე უბანზე ამოღებულ ერთ-ერთ ბიულეტენზე. საუბნო კომისიის გადაწყვეტილებით, იგი ბათილად ჩაითვალა, რადგან ბიულეტენს კუთხე მცირედით ჩამოხეული ჰქონდა და არ იკითხებოდა არჩევნების ჩატარების წელი. საიაში ამბობენ, რომ ეს ბათილობის საფუძველი არ არის, რადგან შესაძლოა ბიულეტენი რეგისტრატორს დაზიანებოდა, მითუფრო, რომ მკაფიო იყო ამომრჩევლის ნება. ორგანიზაცია უბანზე, ბათილი ბიულეტენების სრულად გადათვლასაც ითხოვდა.
ორგანიზაციამ წარმოადგინა ვიდეომტკიცებულებებიც, თუ როგორ მიიჩნევდა ბიულეტენს საუბნო კომისია საეჭვოდ და არა პირდაპირ ბათილად. მიუხედავად ამისა, სხვა პოზიციას იცავდა მოპასუხე მხარე - ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისია.
ოლქში, საუბნო კომისიების მიერ გაბათილებული სხვა ბიულეტენებიც ნახეს და დაითვალეს. ციფრები უცვლელი დარჩა. სურათი ვერც საჩივრებმა შეცვალა. შედეგი, არც ლოტოტრონის პრინციპით შერჩეული უბნების ხელმეორედ გადათვლამ გამოიღო. და ბოლოს, „სამართლიანი არჩევნების“ სარჩელი არც მოსამართლე ალექსანდრე გოგუამ დააკმაყოფილა. ორგანიზაცია ასევე ბათილად ცნობილი ბიულეტენების კანონიერებაზე დაობდა, მესამე უბნის შემთვევაში და ბიულეტენების თავიდან გადათვლას ითხოვდა.
იმის გამო, რომ რიგ უბნებზე, საეჭვოდ ბევრი გაბათილებული ბიულეტენი ამოვიდა, სადამკვირვებლო ორგანიზაციები მათ გადახედვასაც ითხოვდა, თუმცა მოთხოვნა არავინ დააკმაყოფილა.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, დამკვირვებლებს კანონმდებლობა იმდენად მაღალ სტანდარტს უყენებს, რომ მტკიცებულებების შეგროვებამდე, პარალალურად მიმდინარე დარღვევებზე რეგირება ფიზიკურად შეუძლებელი ხდება.