04, ნოემბერი 2021 21:20:00
მარტოხელა დედის უკიდურესად მძიმე ცხოვრება. გიყვებით 41 წლის ქალზე, რომელიც 4 შვილს გაჭირვებაში ზრდის. დარეჯან შანთაძე საფრთხის შემცველ გარემოშია. შენობა, სადაც 10 წლის წინ შესახლდა, ქვეწარმავლებით, მღრნელებითა და ტარაკნებითაა სავსე. პრობლემებით სავსე ცხოვრებას ისიც ემატება, რომ ქალი არ მუშაობს, თავის რჩენა კი 240 ლარიანი სოციალური დახმარებით უწევს. ია გოლიაძე გიამბობთ.
ამ პატარა ოთახში 4 შვილთან ერთად ცხოვრობს. დარეჯან შანთაძე აქ 10 წლის წინ შესახლდა. მიზეზი მეუღლესთან განქორწინება იყო, უკიდურესად გაჭირვებულს გზა არ დარჩა. ამბობს, რომ აქ ყოფნა მათთვის საფრთხის შემცველია.
შენობის იმ ნაწილში, სადაც 41 წლის ქალი 4 შვილთან ერთად ცხოვრობს, უამინდობისას წყალი ჩადის, მზიან ამინდში კი, გაუსაძლისად ცხელა. ნესტის გამო ოთახში აუტანელი სუნი დგას. დარეჯან შანთაძე გვიყვება, რომ საცხოვრებელში, ხშირად, ქვეწარმავლებს პოულობენ.
მძიმე ყოველდღიურობასთან ბრძოლას ისიც ემატება, რომ ოჯახის არც ერთი წევრი მუშაობს. უკიდურესად გაჭირვებულები სახელმწიფოსგან 340 ლარიან დახმარებას იღებენ, თუმცა, თანხა არასაკმარისია. ამის გამო, დარეჯან შანთაძე, იძულებულია, სამუშაოდ თურქეთში გადავიდეს. მის 2 შვილს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, ფული ხშირ შემთხვევაში წამლების შესაძენად და კომუნალური გადასახადებისთვისაც არ ჰყოფნით. ოჯახს იმდენად უჭირს, რომ საკვებისთვის სოციალურ სასადილოს აკითხავს.
დახმარებისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას არაერთხელ მიმართა, თუმცა უშედეგოდ. ამბობს, რომ მთავრობის წევრებს, ისინი, მხოლოდ, წინასაარჩევნოდ ახსენდებათ. სურს მინიმალური- სახლის გადახურვაში დახმარება.
რატომ შეუმცირდა უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახს ფულადი შემწეობა? სოციალური მომსახურების სააგენტოში განმარტეს, რომ დარეჯან შანთაძეს საზღვრის კვეთა უფიქსირდება, რის გამოც დახმარებას ვეღარ მიიღებს. რა ბედი ელის მარტოხელა დედას, 4 შვილთან ერთად? ამაზე ახლა სახლემწიფო უწყებებმა უნდა იფიქრონ.