დადგენილია “TV25”-ის რეპორტიორზე თავდამსხმელის ვინაობა. იგი საჯარო საბავშვო ბაღის ძიძაა. ნინო ცენტერაძე ბათუმის მე-12 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაშია დასაქმებული. ჟურნალისტზე მოძალადე, აგრესიული ქალი ამ დრომდე მოზარდებთან მუშაობს, ხელმძღვანელობას კი, მომხდარ ფაქტზე რეაგირება, დღემდე, არ მოუხდენია. TV25 დღეს, ბაღში იმყოფებოდა. ჩვენი გადამღები ჯგუფის გამოჩენისას განგაში გამოცხადდა და შენობის ყველა კარი ჩაკეტეს. სულხან მესხიძე გვიამბობს ახლა უფრო მეტს, რომელიც პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება. სულხან, გისმენთ.
აგრესიული და სიძულვილით მოტივირებული ნინო ცენტერაძე ბათუმის მეთორმეტე საბავშვო ბაღშია დასაქმებული. ძიძა დღეს ჩვენს ჩართულ კამერას დაემალა. იგი დაწესებულებაში საქმიანობას აგრძელებს. ერთადერთი ვისთანაც კითხვების დასმა შევძელით გამგე იყო, თუმცა უხერხულ სიტუაციაში ჩავარდნილმა დუმილი ამჯობინა. აღმოჩნდა, რომ ხელმძღვანელმა თანამშრომელს, რომელსაც სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან აქვს შეხება, მოძალადეს საყვედურიც კი არ გამოუცხადა. სავარაუდოდ, ლალი ლიპარტელიანმა საჯარო სამსახურში დასაქმებულის დასჯა, იმიტომ ვერ გაბედა, რომ ის „ქართული ოცნების“ კოორდინატორია.
აშკარა ძალადობის მიუხედავად, ფაქტზე რეაგირების მოხდენას არც ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება აპირებს. დაწესებულებაში თავს იმით იმართლებენ, რომ ინციდენტი არასამუშაო დღეს მოხდა. მეტიც, გაერთიანების დირექტორის მოადგილის განცხადება, იმ მოტივით, რომ ფაქტი სააღმზრედელო დაწესებულების ტერიტორიაზე არ მომხდარა, ერთგვარი, დაუსჯელობის სინდრომის ნიშნებსაც შეიცავს.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ ჩვენს ჟურნალისტზე მოძალადე პირის მიმართ გამოძიების მუხლები, კიდევ უფრო, დამძიმდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მედიის წარმომადგენლისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის მუხლითაც იწყებს ძიებას. თეო ფუტკარაძე, ამბობს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია სწორედ, ამ მიმიმირთულებით წარიმართოს გამოძიება, რადგან მას პროფესიული საქმიანობის განხორიცელებისას ხელი შეუშალეს. დანაშული 1-დან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჩვენი რეპორტიორის ინტერესებს ორგანიზიაცია „კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის“ და "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იცავენ.
ჩვენს რეპორტიორზე თავდასხმის ფაქტს აჭარის მთავრობის თავჯდომარე რამდენიმე დღის წინ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საკითხით პირადად დაინტერესდება. ვნახოთ რა ფასი აქვს თორნიკე რიჟვაძის სიტყვას და რა სახის რეაგირება გატარდება მომხდარზე, ამას დრო და რეგიონის პირველი პირის „გავლენები“ გვიჩვენებს.
„TV25“-ის რეპორტიორზე თავდამსხმელი მოძალადე ძიძა მე-12 საბავშვო ბაღიდან. პირდაპირ ეთერში სულხან მესხიძე საუბრობდა. განვაგრძობთ გამოშვებას.
