02, ნოემბერი 2021 10:29:00
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1998 წელს დაბადებული ვ.ც., განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ვ.ც.-მ მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, ღამით, ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, თბილისში, გ. ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ მასაჟის სალონში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქე - ტრანსგენდერ ქალს, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა. ბრალდებულმა იმავე სალონში მყოფ კიდევ ერთ ტრანსგენდერ ქალს სხეულზე დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მოქალაქის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
სამართალდამცველებმა, ბრალდებული თბილისში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.