01, ნოემბერი 2021 09:50:00
საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი, ისევე, როგორც სხვა პატიმრები, თავის ადვოკატებს შესაბამისი კოვიდრეგულაციების დაცვით ხვდება. ბრეგაძე ამბობს, რომ სააკაშვილის ადვოკატების ბრალდებები, რომ ციხის ადმინისტრაციამ მესამე პრეზიდენტსა და მის ადვოკატებს შორის ბარიერი ამოაშენა, ტყუილია.
ცნობისთვის, ექსპრეზიდენტის ადვოკატმა, დიტო საძაგლიშვილმა, 27 ოქტომბერს, ციხის ადმინისტრაცია პატიმრის უფლებების დარღვევაში დაადანაშაულა და თქვა, რომ ექსპრეზიდენტთან შეხვედრის ოთახში პატიმარსა და მნახველს შორის ბარიერი მთლიანად ამოაშენა, რითაც პირდაპირი კომუნიკაციის საშუალება წაერთვათ.
ამ ბრალდებას იუსტიციის მინისტრმა, იმედის ეთერში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სააკაშვილის ადვოკატები მასთან შეხვედრისას უტაქტოდ იქცევიან და სხვა პატიმრებსაც საფრთხეს უქმნიან.
"ბარიერის აწევასთან დაკავშირებით იყო საუბარი, თითქოსდა რომელიმე უფლება ირღვეოდა. აბსოლუტურად არცერთი უფლება არ არის დარღვეული. კოვიდრეგულაციების გამო ისინი უნდა შეხვდნენ ბარიერს მიღმა; მათ აქვთ, რა თქმა უნდა, იმ კორესპონდენციის გაცვლის შესაძლებლობა, რომელიც ეხება უშუალოდ სისხლის სამართლის საქმეებს და როდესაც ხედავ, რომ ბარიერი არის, რომელსაც, წესით, ვერ უნდა მისწვდე, კეთილი უნდა ინებო, როგორც ადვოკატმა, ისე ნებისმიერმა სხვა პირმა და მაგიდაზე ფეხებით არ უნდა დადგე და არ უნდა ეცადო, რომ დაახლოებით ფრენბურთის ბურთის მსგავსად შეეცადო, გადააწოდო კორესპონდენცია, იმიტომ, რომ ამით კიდევ ერთხელ ვამბობ - ისინი საფრთხეს უქმნიან უშუალოდ მსჯავრდებულსაც, რადგან ის შუშა რომ გადაყირავდეს და ვთქვათ, ვინმე დაზიანდეს, მერე იქნება ჩვენი პასუხისმგებლობა. სწორედ ამიტომ მათ გავუკეთეთ ძალიან ცივილური ფორმით, როგორ უნდა მიაწოდონ და დროა, ჩამოძვრნენ მაგიდებიდან და პატივი სცენ იმ სამართლებრივ წესრიგს, რომელიც არის ქვეყანაში". - თქვა იუსტიციის მინისტრმა.