ქობულეთის ახლადარჩეული მერი უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად, დღეიდან, შეუდგა. იგი ორი ოქტომბრის კენჭისყრის გამარჯვებულია. მირიან ქათამაძემ კაბინეტი ლევან ზოიძეს გადააბარა. ყოფილი მერი თანამსრომლებს დაემშვიდობა და ზოიძეს წარმატებები უსურვა. ახალ მერს, შესაძლო საკადრო ცვლილებებსა და და ვიცე მერების ვინაობებზე არ უსაუბრია. დეტალები ვნახოთ სიუჟეტში.
თავად, მირიან ქათამაძე კი, ქობულეთის მერიის თანამშრომლებმა თანამდებობიდან ასე გააცილეს. ხალხის მიერ 2017 წელს არჩეული მერი 4 წლის საქმიანობას აჯამებს. იგი, თავს, შიდა სასოფლო გზების მოწესრიგებით, მოსახლეობის გაზიფიცირებითა და ბულვარის ინფრასტრუქტურის განახლებით იწონებს. საუბრობს პროექტებზე, რომელთა განხორციელებაც ვერ ან არ შეძლო.
უკვე ყოფილი მერი აცხადებს, რომ რჩება ,,ქართული ოცნების" გუნდის წევრად, თუმცა, რა თანამდებობაზე გააგრძელებს მუშაობას არ ამხელს. არც არსებულ შეთავაზებებზე საუბრობს.
მირიან ქათამაძე აღიარებს, რომ იმ ხალხში, ვინც ის აირჩია, რეიტინგის შენარჩუნება ვერ შეძლო. ამას კი იმით ხსნის, რომ მოქალაქეების მხრიდან, თანამდებობის პირები, კრიტიკის ობიექტები ხშირად არიან.
ქათამაძემ უფლებამოსილება შეწყვიტა და თანამდებობა ლევან ზოიძეს კაბინეტთან ერთად, დღეს, გადააბარა. წარმატებები უსურვა და რამდენიმე რჩევაც მისცა. მერად არჩევამდე ზოიძე, ბოლო სამი წლის განმავლობაში, ქობულეთის ვიცე მერი იყო.
ვის გამოუცხადებს ნდობას და ვინ იქნებიან ახლად არჩეული მერის მოადგილეები, ზოიძე, ჯერ არ ასაჯაროებს. იგი არც მერიაში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე საუბრობს. ამბობს, რომ თვითმმართველობის საკითხებს კარგად იცნობს და მუშაობას დაწყებული პროექტების დასრულებით აპირებს.
ლევან ზოიძე წლების განმავლობაში გამოწვევად დარჩენილ პრობლემებზეც საუბრობს. ამბობს, რომ იმ მოქალაქეებთან, რომლებიც ყოფილ მერს, ხშირად ეწინააღმდეგებოდნენ, დახმარებას უშედეგოდ სთხოვდნენ და საპროტესტოს აქციებსაც მართავდნენ, თავად, შეთანხმებას მიაღწევს. თუმცა, როგორ აპირებს პრობლემების არმოფხვრას ვერ აკონკრეტებს.
ახლად არჩეული მერი, პირობას დებს, რომ გადაწყვეტილებებს, ღიად გამჭვირვალედ და გუნდური მუშაობის შედეგად მიიღებს. პირობას დებს, რომ მოქალაქეებთან და მედიასთან ხშირ კომუნიკაციაში იქნება.
ორი ოქტომბრის კენჭისყრაზე, ქობულეთში მცხოვრები, დაახლოებით 38 000 მოქალაქე გამოცხადდა. მათგან 19 000-მდე ამომრჩეველმა მხარი ლევან ზოიძეს დაუჭირა, რომელიც 52%-ზე მეტს შეადგენს. რაც კანონის თანახმად, თანამდებობის დასაკავებლად საჭირო რაოდენობას ნიშნავს. 81-ე ოლქში შემაჯამებელი ოქმი 15 ოქტომბერს დაიწერა, 135-ე დადგენილების თანახმად კი, გამარჯვებული კანდიდფატი ვალდებულია უფლებამოსილების შესრულებას მე-11 დღეს შეუდგეს. მოქალაქეების უმრავლესობამ ნდობა მას უკვე გამოუცხადა. როგორ გაამართლებს წინასაარჩევნო დაპირებებს, თავად ზოიძე, ეს დროთა განმავლობაში გამოჩნდება.