21, ოქტომბერი 2021 19:34:00
მართალია კაცო, სად გვეჩქარება?! ერთია გამოუძიებელი საქმე თუ ორი? დღეს არა ხვალ, ხვალ არა ზეგ, ზეგ თუ არა ერთ თვეში, ამასობაში კი გავიდა 1 წელიც. გომელაურისთვის კი „ის ხვალ“ ჯერ კიდევ არ დამდგარა. პასუხისმგებელი უწყებებისგან, შარშან ამ დროს დამაჯერებელი კომენტარები კეთდებოდა, თუმცა, დღეს, ალბათ, ბადრი ესებუა ნახევარი მილიონი ლარით, სადმე მშვიდად განცხრომაში ისვენებს. „ქართული ოცნების“ ძალოვან უწყებებს კომპეტენცია ამ საკითხშიც არ ეყო. მეტიც, იმ პერიოდში სამეგრელოში მოღვაწე გამომძიებელმა, ავთანდილ გალდავამ, ესებუას ნახევარი მილიონი ლარი თავად მიუტანა და უსაფრთხო ტერიტორიამდეც გააცილა. ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ძარცვის საქმე, კვლავ, დაუხურავია, გალდავა კი, დაწინაურებული და აწ უკვე, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელია.
ჩვენო მაყურებლებო, ალბათ, თქვენც ბევრჯერ დარწმუნდით, რომ გომელაურის შერლოკ ჰოლმსობა ვერ შედგა. ჩვენ დავინტერესტდით, რას ფიქრობენ მოქალაქეები აღნიშნულ თემაზე და გრძნობენ თუ არა თავს დაცულად?
საგამოძიებო უწყებების უმოქმედობა აღარავის აკვირვებს. გამოუძიებელი და თაროზე შემოდებული საქმეებიც ბევრი გვახსოვს, მაგრამ, ქვეყნის პირველი პოლიციელი ამაყად საუბარსა და თავის მოწონებას აქტიურად განაგრძობს. ოპოზიცია არსებულ კრიმინოგენულ მდგომარეობას ხელისუფლების არაკომპეტენტურობას უკავშირებს.
ხომ გახსოვთ, გენიალური ქართული ფილმი „ხარება და გოგია“, სადაც საბჭოთა მილიცია ხარებას უდანაშაულო ძმას აკავებს, იმის იმედით, რომ თვითონ ხარებას დაიჭერენ. გამომძიებლებმა, ბადრი ვერა, მაგრამ მისი ძმა ბიძინა ესებუა დააკავეს. სნერარი მეორდება, პარალელი თქვენთვის მოგვინდია. ისინი, ვისაც ჩვენს უსაფრთხოებაზე ზრუნვა ევალებათ, რუსული პოლიციისთვის დამახასიათებელი გეგმით მოქმედებენ. მაგრამ ისევე როგორც, სხვა დანარჩენმა საბჭოურმა, ამ პრაქტიკამაც არ გაამართლა. მძარცველი, რომელმაც 43 ადამიანი მძევლად აიყვანა და დღისით-მზისით, ნახევარი მილიონი ლარი გაიტაცა, ისევ თავისუფალია.