13 წლის შვილიშვილის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ ბაბუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ადვოკატის განცხადებით, სასამართლომ მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, როდესაც სრულიად დაუსაბუთებელი მტკიცებულებებით ადამიანი უმძიმესი ბრალდებით გაუშვა წინასწარ პატიმრობაში. მისივე თქმით, შვილიშვილები ბაბუასთან 4 თვე არ ყოფილან, შესაბამისად აღნიშნული გადაწყვეტილება არარეალურია.
„პროკურორმა ვერ გაგვცა პასუხი, თუ რომელი მტკიცებულებების საფუძველზე ითხოვს ამ ადამიანის უმძიმესი ბრალდებით პატიმრობაში მოქცევას. ოთხი თვის განმავლობაში ბავშვები არ ყოფილან პაპასთან და თუნდაც ამ ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, არარეალურია ეს გადაწყვეტილება. ის აცხადებს, რომ მასსა და შვილიშვილებს შორის არის ქართულ ეროვნულ ტრადიციებზე დამყარებული, პაპასა და შვილიშვილს შორის არსებული ურთიერთობები“, - აღნიშნა ადვოკატმა.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ, არასრულწლოვანი შვილიშვილის მიმართ გაუპატიურების, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების და გარყვნილი ქმედების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მცირეწლოვან შვილიშვილს ძალადობით და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, სისტემატიურად აუპატიურებდა, ახორციელებდა გარყვნილ და სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებებს.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 12 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 141-ე მუხლით (ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედება); 11 პრიმა, 138-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით თოთხმეტის წლის ასაკს მიუღწეველთან); 11 პრიმა, 137-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“, მეოთხე ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ოჯახის წევრის გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ნდობის გამოყენებით) და 11 პრიმა, 139-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ და მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება ჩადენილი ოჯახის წევრის და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარუდგინა.
ეს სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.