13, ოქტომბერი 2021 14:18:00
„მეოთხე ბრაიტონი“ - ეს ის ფილმია, რომელიც ამერიკის კინოაკადემიის 2022 წლის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის, საქართველოს სახელით იბრძოლებს. ფილმის რეჟისორი ლევან კოღუაშვილია.
ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
წელს, „ოსკარზე“ საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად, კიდევ 2 ქართული ფილმი იბრძოდა: „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?” (რეჟისორი ალექსანდრე კობერიძე) და „პერსონა #2“ (რეჟისორი ნინო ბასილია).
წარდგენილი ფილმებიდან საქართველოს კანდიდატი ფილმი სპეციალურმა კომისიამ ფარული კენჭისყრით გამოავლინა.
„მეოთხე ბრაიტონი“ გვიყვება ამაღელვებელ ისტორიას ქართველი მოჭიდავის - კახის შესახებ, რომელიც ბრუკლინში ჩადის, რათა შვილს აზარტული თამაშების ვალის გადახდაში დაეხმაროს.
ფილმში კახის როლს ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე, მსოფლიო ჩემპიონატის ხუთგზისა და ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონი - ლევან თედიაშვილი ასრულებს. ერთ-ერთ მთავარ როლშია ასევე ლეგენდარული ქართველი მსახიობი კახი კავსაძე. ფილმის დამდგმელი ოპერატორია ფედონ პაპამიქაელი, რომელიც ორჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე, როგორც საუკეთესო კინოოპერატორი.