13, ოქტომბერი 2021 11:41:00
ვაქცინაციის ტემპის გასაზრდელად, მიზნობრივ ჯგუფებთან საინფორმაციო შეხვედრები იმართება. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ჩაქვისა და ოჩხამურის მოსახლეობას, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მოადგილე პაატა იმნაძე, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მარი ზანაქიძე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი რუსუდან შავიშილი და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის აჭარის სამმართველოს უფროსი ნინო გუგუშვილი შეხვდნენ.
მხარეებმა ვაქცინაციის აუცილებლობასა და ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილ მარათონზე ისაუბრეს.
"კორონავირუსის ახალი შემთხვევები მატულობს, რომ არ განმეორდეს გასული პერიოდი, უმნიშვნელოვანესია ვაქცინაციის ტემპის გაზრდა. ამისათვის რაიონული დონიდან გადავდივართ, სოფლის მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრებზე. მალე დაიწყება ე.წ. მარათონი საქართველოს დიდ სოფლებში. ყველას ჩართულობით, ეს იქნება სამედიცინო პერსონალი, პედაგოგი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი თუ სხვა აქტიური მოქალაქე უნდა მივიტანოთ ინფორმაცია თითოეულ აუცრელ ადამიანამდე, რათა დროულად ჩაიტარონ ვაქცინაცია თავიანთი სიცოცხლისა და გარშემომყოფების დასაცავად“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
უწყების ცნობით, უკვე დაიწყო მარათონის წინამოსამმზადებელი შეხვედრები.
"მიმდინარე კვირიდან დაიწყო მარათონის წინამოსამმზადებელი შეხვედრები, აქტიურად ვხვდებით მიზნობრივ ჯგუფებს და ერთად განვიხილავთ ყველა აუცილებელ საკითხებს. შეხვედრები ინტერაქტიულ ფორმატში მიმდინარეობს და დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ ვაქცინაციის ირგვლივ მიიღონ ამომწურავი პასუხები. მსგავსი საინფორმაციო შეხვედრები ეფექტურია, რომლის შემდგომ ხდება ვაქცინების ადმინისტრირება“, - აღნიშნა შეხვედრის დასასრულს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, მარი ზანაქიძემ.
ამ დროისთვის აჭარაში, ჩატარებულია 217 159 დოზა ვაქცინა.