11, ოქტომბერი 2021 13:07:00
მიხეილ სააკაშვილი საპატიმროდან მორიგ წერილს ავრცელებს. ექპსრეზიდენტი საზოგადოებას ყურადღების არჩევნებზე გადატანას სთხოვს.
წერს, რომ მასზე ზრუნვის გამო არჩევნებზე ყურადღების მოდუნება ქვეყნის მტრის ინტერესებში შედის. მისივე თქმით, ყველაფერს იღონებს, რათა შიმშილობის გაგრძელების პირობებშიც კი 30 ოქტომბრამდე ცოცხალმა მიაღწიოს.
მეგობრებო, მინდა მოგმართოთ ყველას თხოვნით, ახლა არჩევნებია და მთელი ყურადღება უნდა დაეთმოს ამას. ახლა ნიჰილიზმის დათესვა არჩევნების მეორე ტურებთან დაკავშირებით, მათ შორის, ჩემზე ზრუნვის მოტივაციით, საქართველოს მტრის პირდაპირი ინტერესია. ქვეყანა ჩვენ უნდა შევცვალოთ ბევრი მეთოდით, მათ შორის, უმთავრესია არჩევნებზე გამარჯვების გამოგლეჯა. მე ჩემის მხრივ ყველაფერს ვიზამ, რომ შიმშილობის გაგრძელების პირობებშიც კი, ცოცხალმა მივაღწიო 30 ოქტომბრამდე და ჩემს წინასწარ გლოვას, აშკარად სჯობს, ხელები დავიკაპიწოთ და ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება, - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.
მიხეილ სააკაშვილის მორიგი წერილი მისმა უფლებადამცველმა, ნიკა გვარამიამ გაასაჯაროა.