08, ოქტომბერი 2021 10:02:00
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, თამარ გაბუნიამ, დააკეთა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ ექთნები და ექიმები, რომლებიც ვაქცინაციაში ჩართავენ მოქალაქეებს, თითო პირზე 20 ლარს მიიღებენ. აღნიშნული გადაწყვეტილება 8 ოქტომბერს შევა ძალში და სამედიცინო პერსონალიც, სწორედ ამ დღეს დაიწყებენ მოსახლეობასთან კონსულტანციას.
„ახლა, უკვე მივედით იმ ეტაპზე, როდესაც პირისპირ კომუნიკაციის გარეშე, ადამიანი დაარწმუნო, რომ აცრა უსაფრთხო და ეფექტურია, რთულია. ოჯახის ექიმი და ექთანი ნებისმიერ შემთხვევაში, მაინც დიდი ზეგავლენის მატარებელია, განსაკუთრებით, სოფლად. თუ ოჯახის ექიმი მასთან რეგისტრირებულ მოქალაქეს ეტყვის, რომ აცრა არის საშიში, აბსოლუტურად წყალში გადაყრილია ყველა ძალისხმევა, რომელიც ჩვენ შეიძლება გავწიოთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ოჯახის ექიმები მეტად აქტიურად და სერიოზულად დაკავდნენ კონსულტაციის პროცესით. რას ნიშნავს ეს ახალი სქემა, რომელიც ჩვენ უკვე გავუშვით - ხვალიდან დაიწყება აქტიური კონსულტაციები ოჯახის ექიმებთან და ექთნებთან, რომ მათ დაიწყონ მუშაობა თავიანთ მოსახლეობასთან. ეს არის სტანდარტული კონსულტაცია, 20 ლარი არის ერთ პირზე, რომელიც შემდეგ ნაწილდება გარკვეული, მცირე ადმინისტრაციული ხარჯით და დანარჩენი პერსონალის ხელფასი“ - თქვა გაბუნიამ.