04, ოქტომბერი 2021 19:41:00
წინასწარი მონაცემებით, ქედაში, შუახევსა და ხულოში, ახალი მოწვევის საკრებულოებში, უმრავლესობა ისევ „ქართულ ოცნებას“ აქვს, თუმცა, მეორე ტურები, მაჟორიტარულ ოლქებში მაინც შედგება. ვის ვისთან მოუწევს ბრძოლა მეორე ტურში და როგორია მანდატების სავარაუდო პროპორციები მაღალმთიანი აჭარის საკრებულოებში, ვნახოთ სიუჟეტი.
ქედის მუნიციპალიტეტის ყველა ოლქში, გარდა დანდალოს მაჟორიტარული ოლქისა, უმრავლესობა, მმართველი გუნდის სასარგებლოდაა, შესაბამისად, მეორე ტური მხოლოდ აქ შედგება. ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობიდან“ ევგენი ცინცაძე, „ქართული ოცნებიდან“ კი ოთარ ხრააძე უპირისპირდებიან. თუ მოცემულობა არ შეიცვლება, ქედის საკრებულო მრავალპარტიული იქნება. შევლენ წევრები „ქართული ოცნებიდან“, „ნაციონალური მოძრაობიდან“, პარტიებიდან: „ლელო საქართველოსთვის“ და „გახარია საქართველოსთვის“.
შუახევი ერთადერთი მუნიციპალიტეტია აჭარაში, სადაც მაჟორიტარულ ოლქებში მეორე ტური არ იქნება. აქ „ქართულმა ოცნებამ“ ყველა ოლქი მოიგო. შუახევის საკრებულოშიც, ოთხი პოლიტიკური სუბიექტი შედის. პროპორციული სიით, შვიდი მანდატი აქვს „ქართულ ოცნებას“, ხუთი „ნაციონალურ მოძრაობას“ თითო კი „ლელოსა“ და გახარიას პარტიას.
განმეორებითი არჩევნები ჩატარდება ხულოს ორ მაჟორიტარულ ოლქში: დაბა ხულოსა და დეკანაშვილებში. დაბა ხულოში განმორებითი აჩევნები, ოპოზიციონერ კანდიდატებს შორის გაიმართება. ერთმანეთზე გამარჯვებას გახარიას პარტიიდან ირაკლი ბოლქვაძე, ნაციონალური მოძრაობიდან კი ლევან მახარაძე შეეცდებიან. დეკანაშვილებში კი ისევ „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები: ნადიმ დეკანაძე და თენგიზ შანტაძე დაუპირისპირდებიან. ოლქის მონაცემებით, ხულოს საკრებულოში საკუთარი წარმომადგენელი სულ ხუთი პარტიას ეყოლება. „ქართულ ოცნებას“, „ნაციონალურ მოძრაობას“, „ლელოს“, პარტიას „საქართვლოსთვის“ და „მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელს“.
ორი ოქტომბერს, კენჭისყრის დღეს, პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებით ხულოში - 2 საჩივარი დაიწერა, შუახევში 1, ქედაში კი სამ უბანზე.