23, სექტემბერი 2021 11:43:00
შრომის ინსპექტირების სამსახური ქვეყნის მასშტაბით ყველა სამედიცინო დაწესებულებას შეამოწმებს. ამის შესახებ განმარტება ბექა ფერაძემ გააკეთა.
როგორც ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელმა თქვა, შემოწმების მიზანია დადგინდეს არის თუ არა კლინიკებში დარღვევები დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების კუთხით.
„ჯერ სრულად უნდა გავაანალიზოთ პრობლემები, რა ტიპის პრობლემა გვხვდება ამა თუ იმ კლინიკაში, რაც შესაძლოა, გახდეს საფუძველი არა მხოლოდ კოვიდკლინიკების, არამედ ზოგადად ყველა კლინიკის შესწავლის. ვგეგმავთ კიდეც ამას, რომ ყველა კლინიკა შევისწავლოთ იქ არსებული შრომითი ურთიერთობების თვალსაზრისით“, - განაცხადა ფერაძემ.
ბექა ფერაძის თქმითვე, ადმინისტრაციული სახდელი დაიდება ყველა კლინიკის მიმართ, სადაც დარღვევები იქნება.
"თუ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გულისხმობთ, ეს ჩემი კომპეტენცია არ არის. ჩვენ საკითხს შევისწავლით, დარღვევები თუ დაფიქსირდება, გავცემთ მითითებას, ან დავავალებთ კომპანიას, რომ აანაზღაუროს ყველა ის დანაკლისი, რომელიც ამ პროცესში უნდა ყოფილიყო. შედეგზე მაინც გავდივართ“, - თქვა ფერაძემ.
წყარო: ipn.ge