13, სექტემბერი 2021 18:03:00
100%-იანი ვაქცინაციის მაჩვენებელი არსად არის, მათ შორის არც კერძო სკოლებში. გასულ კვირას როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებში ჩვენ შევისწავლეთ აცრის მაჩვენებელი და 100% არსად არის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის უფროსმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, საჯარო და კერძო სკოლებს შორის ვაქცინაციის მაჩვენებელი მკვეთრად არ განსხვავდება. როგორც მან აღნიშნა, ორივე ტიპის სასწავლო დაწესებულებებში ეს მაჩვენებელი 70%-მდე მერყეობს.
„ოქტომბერში სწავლა აუცილებლად უნდა დაიწყოს და დაავადებათა კონტროლის ცენტრი ადასტურებს თავის მზაობას, რათა სწავლა ადგილზე აღდგეს. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ სკოლებში აცრის მაჩვენებელი იყოს 80%. ამავე დროს, ანგარიშგასაწევი იქნება ისიც, რომ რამდენ ადამიანს ექნება გადატანილი ვირუსი, რაც შედის საერთო იმუნიტეტში. ვიტყვი იმასაც, რომ არამხოლოდ მასწავლებლები, არამედ მშობლებმაც კეთილი უნდა ინებონ და ოჯახის დანარჩენ წევრებთან ერთად აუცილებლად უნდა გაიკეთონ ვაქცინა. მხოლოდ ამ შემთხვევაში განიხილება სწავლის აღდგენა და ის აუცილებლად უნდა აღდგეს კლასებში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.