07, სექტემბერი 2021 15:46:00
შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს აპლიკაციის შექმნაზე, რომელიც QR კოდით მოქალაქის კოვიდსტატუსის იდენტიფიცირებას მოახდენს. ამის შესახებ ბექა ფერაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, აპლიკაციაში იქნება ინფორმაცია მოქალაქის PCR და სწრაფი ტესტის პასუხისა და ვაქცინაციის შესახებ.
"სამინისტროს გუნდის მიერ შემუშავებულია სპეციალური აპლიკაცია კოვიდსტატუსის დადგენის მიზნით, რომელიც QR კოდის წამკითხველით ახდენს მოქალაქის კოვიდსტატუსის იდენტიფიცირებას. ამ აპლიკაციის მეშვეობით აბსოლუტურად გათვალისწინებულია პერსონალური მონაცემების სრული დაცვა და მისი გამოყენებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ ეთანხმება მისი ინფორმაციის დამუშავებას. აპლიკაცია მოიცავს ბოლო 72 საათში PCR ტესტის უარყოფით პასუხს, სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი ასახული იქნება 24 საათის განმავლობაში, ასევე აპლიკაციაში იქნება ინფორმაცია ვაქცინაციაზე, აცრილია თუ არა ადამიანი და ბოლო 6 თვის განმავლობაში თუ აქვს კოვიდი გადატანილი", - განაცხადა ფერაძემ.
შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის თქმითვე, იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს არ ექნება შესაბამისი სმარტფონი აპლიკაციის ჩამოსატვირთად, მას შეეძლება საკუთარი QR კოდის ამობეჭდვა.
ფერაძის განმარტებით, ამ საკითხზე სამინისტრო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრებს უახლოეს დღეებში დაიწყებს.