06, სექტემბერი 2021 20:08:00
ხანძარი შუახევში. ცეცხლმა საცხოვრებელი სახლი მთლიანად გაანადგურა. შედეგად, 5 წევრიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა. შემთხვევა მუნიციპალიტეტში დღეს, დილით მოხდა.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული. რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ დრომდე უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.
როგორც დაზარალებული ოჯახის წევრები გვეუბნებიან, ისინი, თავს, დროებით, ახლობლის სახლს აფარებენ. შუახევის მერიაში კი საპირისპიროს ამბობენ.
უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, თურმანიძეები დროებით ქირით გაიყვანეს. პრეს-სამსახურში გვითხრეს, რომ ოჯახს, სადაც ახლა თურმანიძეები იმყოფებიან, თანხას გადაუხდიან.
მერიის ცნობითვე, არსებული მდგომარეობის შესწავლის შემდეგ, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დაზარალებულებს, აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, შესაბამისი დახმარება გაეწევათ.