11, აგვისტო 2021 21:59:00
შემზარავი შემთხვევა აჭარაში. მამა შვილს სისტემატიურად აუპატიურებდა. პროკურატურა კაცს 15 წლის გოგოზე სექსუალურ ძალადობას, მასთან გარყვნილ ქმედებას, მუქარასა და ოჯახში ძალადობას ედავება. ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს და დუმილის უფლებით სარგებლობს. გამოძიების ვერსიით, მამამ საკუთარ სახლში არასრულწლოვანი შვილი გააუპატიურა, შემდეგ კი ემუქრებოდა და გაჩუმებას აიძულებდა. დაზარალებულად ცნობილი ახლა ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარშია. ბრალდებული კაცი სახლში 4 შვილთან და დედასთან ერთად ცხოვრობდა, ბავშვების დედა კი 8 წელია თურქეთში იმყოფება. მოზარდი სკოლაში მე-9 კლასის დასრულების შემდეგ აღარ დადიოდა, პოლიციას კი, 15 წლის გოგოს მეგობრის მშობელმა მიმართა. მან სამართალდამცავებს უთხრა, რომ ბავშვი მამისგან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო და ამის შესახებ უშუალოდ მისგან მოისმინა. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, კაცს 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.