11, აგვისტო 2021 14:16:00
შემზარავი შემთხვევა აჭარაში. მამამ 15 წლის შვილი გააუპატიურა. პროკურატურა კაცს მოზარდზე სექსუალურ ძალადობას, მასთან გარყვნილ ქმედებას, მუქარასა და ოჯახში ძალადობას ედავება. ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს და დუმილის უფლებით სარგებლობს. გამოძიების ვერსიით, მამამ საკუთარ სახლში არასრულწლოვანი შვილი გააუპატიურა, შემდეგ კი ემუქრებოდა და გაჩუმებას აიძულებდა. დაზარალებულად ცნობილი ახლა ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარშია. ბრალდებული კაცი სახლში 4 შვილთან და დედასთან ერთად ცხოვრობდა, მისი ცოლი კი, ბოლო 8 წელია თურქეთში იმყოფება. მოზარდი სკოლაში მე-9 კლასის დასრულების შემდეგ აღარ დადიოდა, პოლიციას კი, 15 წლის გოგოს მეგობრის დედამ მიმართა. მან სამართალდამცავებს უთხრა, რომ ბავშვი მამისგან სექსუალური ძალადობის მსხვერპლია და ამის შესახებ უშუალოდ მოზარდისგან მოისმინა. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, კაცს 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ინფორმაცია ინტერნეტ-გამოცემა „ბათუმელებმა“ გაავრცელა.