25, იანვარი 2017 11:25:00
გაუქმდება თუ არა თავისუფლების აღკვეთით დასჯა კანაფის დათესვა-მოყვანისთვის - ეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. სასამართლოში საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. მარიხუანას დათესვა-მოყვანისთვის პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს გასულ წელს რამდენიმე პირმა, ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია „თეთრი ხმაურის მოძრაობამ“ მიმართა. მოსარჩელები მიიჩნევენ, რომ მცენარის მოყვანისთვის პატიმრობა ზედმეტად მკაცრი სასჯელია და ამ ფორმით პასუხისგება ზღუდავს პირის უფლებას, დაცული იყოს მძიმე სასჯელისა და ღირსების შელახვისაგან. დღევანდელ სხდომაზე მოპასუხე მხარეებს შორის საქართველოს პარლამენტის გარდა წარმოდგენილია შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე ჯანდაცვისა და იუსტიციის სამინისტროები. სასამართლო უსმენს ექიმ-ნარკოლოგსაც. პირველმა კოლეგიამ სარჩელი წარმოებაში გასული წლის დეკემბერს მიიღო.