09, აგვისტო 2021 11:55:00
ახალგაზრდა ტრანსგენდერ ქალს დაესხნენ. შემთხვევა თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. დაზარალებულის მტკიცებით, თავდამსხმელებმა ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
მომხდარზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 1991 წელს დაბადებული ა.კ. და 1988 წელს დაბადებული ა.მ. ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, თბილისში დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 9 აგვისტოს,თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს 1993 წელს დაბადებულ ჯ.ც-ს. სამართალდამცველებმა ა.კ. და ა.მ. ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.
დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.