05, აგვისტო 2021 10:00:00
დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების ფაქტზე სამართალდამცველებმა სამი კომპანიის ხელმძღვანელები პასუხისგებაში მისცეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში მოქმედ კომპანიებს, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, სისტემატურად ახდენდნენ შემოსავლების არასწორ დეკლარირებას, რითაც თავს არიდებდნენ დიდი ოდენობით გადასახადის გადახდას.
საგადასახადო შემოწმებების შედეგად სამივე კომპანიას ჯამში ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა 621 099 ლარი, - წერია უწყების განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.