22, ივლისი 2021 13:28:00
ჩემი თხოვნა იქნება, ჟურნალისტური საქმიანობა ისე განახორციელოთ, როგორც მანამდე ხდებოდა და თქვენი ქმედებებით, რაც ჟურნალისტურ საქმიანობას ცდება, დარბაზში დესტრუქციის და სხდომის ჩაშლის საშუალება არავის მიეცეს, - ამ განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარემ მედიის წარმომადგენლებს მას შემდეგ მიმართა, რაც ჟურნალისტებმა აივნიდან ბანერი „დასაჯეთ მოძალადეები“ გადმოფინეს.

კახა კუჭავამ მედიის მისამართით განაცხადა ისიც, რომ ჟურნალისტებს პროტესტის გამოხატვის უფლება აქვთ და ამის საშუალება ყოველთვის მიეცემათ.
„მოძალადეებიც აუცილებლად დაისჯებიან, აუცილებლად იქნება შესაბამისი რეაგირება, მათ შორის პარლამენტი ბოლომდე გააკონტროლებს - იქნება ეს საგამოძიებო კომისიის თუ სხვა ფორმატში. არსებობს ვიდეო კადრები, მიმდინარეობს გამოძიება. გამოძიება და ყველა უწყება აუცილებლად ანგარიშვალდებული იქნება მთელი საზოგადოების წინაშე. პარლამენტი ნამდვილად იქნება ის ადგილი, სადაც დაისმევა ყველა კრიტიკული კითხვა თუ რაიმე არ მოგვწონს“, - განაცხადა კუჭავამ.