21, ივლისი 2021 14:45:00
"თუ კარგად მოიქცევით და ზრდილობას გამოიჩენთ მთავრობის სხდომაზე დაგიშვებთ,"- ასე უპასუხა თორნიკე რიჟვაძემ დღეს ჩვენს რეპორტიორს. მცირე კომენტარითა და რამდენიმე ფრაზით მთავრობის თავმჯდომარე კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების დაკნინებას შეეცადა, თუმცა სავარაუდოდ ვერც კი გაიაზრა, რომ დემოკრატიულ ქვეყნებში, დემოკრატი ლიდერები ასე არ იქცევიან. უფრო ზუსტად, რომ ავხსნათ და ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ ეს დამოკიდებულება შეშინებული ლიდერის პოზიციაში მყოფი მთავრობის თავმჯდომარის მდგომარეობას ასახავს. ბატონო თორნიკე, ალბათ არ გსიამოვნებთ, რომ ხშირად გახსენებთ გაღარიბებული ხალხის ყოველდღიურ ყოფას, ნეპოტიზმს, შესაძლო კორუფციულ გარიგეგებს, ერთპიროვნულ მმართველობასა და თვითმართველობების საქმიანობაში ჩარევას. დღეს ისიც უნდა გვეკითხა, როგორ მოახერხა თქვენს მიერვე დანიშნულმა ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა უმაღლესი საბჭოს დეპუტატის ქორწილში მოლხენა, კანონის გვერდის ავლით, თუმცა ამის საშუალება არ მოგვეცა, რადგან როგორც გჩვევიათ ჩართულ კამერას გაექეცით. ერთადერთი, რასაც არასდროს გაურბიხართ სამთავრობო მაუწყებლების კამერებია, რადგან დარწმუნებული ხართ, რომ მათგან კრიტიკული კითხვა არ იქნება და ჩემი კოლეგები ყოველთვის თქვენს დღის წესრიგს ერგებიან. მეტწილად პირდაპირ ეთერში სტუმრადაც იმ მაუწყებელში მიდიხართ, რომლის დირექტორიც მიიჩნევს, რომ სტუმარი არ უნდა გააღიზიანო, უნდა გააკრიტიკო როგორც ძმა და შვილი.